იაპონია

იაპონიის სანაპიროზე ათასობით ტონა მკვდარი სარდინი გამოირიყა

Skynews

ჩრდილოეთ იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარე ჰაკოდატეს სანაპიროზე გაურკვეველი მიზეზების გამო ათასობით ტონა მკვდარი სარდინი გამოირიყა.

სარდინთან ერთად გამორიყა შედარებით მცირე რაოდენობით სკუმბრიაც. შედეგად, პლაჟი დაახლოებით კილომეტრის სიგრძეზე მკვდარი თევზებით დაიფარა.

ადგილობრივების თქმით, მსგავსი აქამდე არაფერი უნახავთ. ზოგიერთმა მათგანმა თევზი გასაყიდად ან საჭმელად შეაგროვა.

ჰაკოდატეს მეთევზეობის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრის, ტაკაში ფუჯიოკას თქმით, მსგავსი ფენომენის შესახებ აქამდეც სმენია, თუმცა თავად პირველად ნახა.

მისი განმარტებით, თევზის ჯგუფს შესაძლოა უფრო დიდი თევზები დაედევნნენ, ერთმანეთთან მჭიდროდ მცურავ სარდინებს კი, სავარაუდოდ, წყალში ჟანგბადი არ ეყოთ, დაიხოცნენ და შემდეგ ტალღებმა გამორიყეს. მეორე ვერსიით, შესაძლოა თევზები მიგრაციის დროს მოულოდნელად წყლის ცივ ნაკადში შევიდნენ.

ფუჯიოკას თქმით, იმის გამო, რომ ზუსტად არ იციან რა ვითარებაში გამოირიყა თევზი, მოსახლეობამ მისი საკვებად გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავიოს.

კომენტარები