დაპირისპირება ენმ-ში

ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის 14-მა წევრმა პარტია დატოვა

ზუგდიდის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 14-მა წევრმა პარტია დატოვა. დეპუტატებს ამ გადაწყვეტილებაში აპარატის 3 თანამშრომელიც შეუერთდა. ენმ-ს საკრებულოში სულ 22 წევრი ჰყავდა.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ბრიფინგზე თქვეს, რომ პარტიაში არადემოკრატიული პრინციპებით მართვა დამკვიდრდა.

"ბრძოლას ვაგრძელებთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დავიხსნათ. ვაგრძელებთ იმისთვის, რომ ყველაზე მთავარს, დემოკრატიულ ღირებულებებს ვუერთგულოთ - და ამისთვის, პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ვტოვებთ. ეს ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელზეც ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ [...] პარტიაში არადემოკრატიული პრინციპებით მართვა დამკვიდრდა.

ვერ გავერთიანდით. ძალიან ბევრი ღირებულება იყო, რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა. როცა ბრძოლის ველზე გასვლის დროს მოტივაცია დაკარგული გაქვს, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს შენი მოტივაცია სადმე სხვაგან იპოვო. ნაციონალურ მოძრაობაში მოტივაცია არ აღმოჩნდა.

ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს. მათ თავიანთ ბრძოლაში წარმატებებს ვუსურვებთ, ჩვენ კი ახალ პლატფორმას გავაკეთებთ". - თქვა ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ს ყოფილმა დეპუტატმა, მაია კალანდიამ.

გუშინ, 4 დეკემბერს კი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ.

2 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრებმაც მოითხოვეს.

1 დეკემბერს კი თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარტიის თავმჯდომარის პოზიციის გაუქმება და დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას მოითხოვეს.

ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ყრილობის მოწვევა ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, მცხეთის, ქუთაისის, ფოთის, ამბროლაურის, ცაგერის, კასპის, ახალციხის და თერჯოლის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციის მოქმედმა და ყოფილმა წევრებმაც მოითხოვეს. ასევე, თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილმა წევრებმა.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის “ფლანგებს” შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-მ დაწერა, რომ ნიკა მელია პარტიას აღარ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ის დატოვებაზე ნიკა მელიას საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, პარტიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება თავად მელიამ მიიღო.

“მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის “არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია - ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას” - წერს ენმ. 

პარტიამდე იგივე განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა TV ფორმულას ეთერში გააკეთა. მისი მტკიცებით, ნიკა მელია "არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით". Მისივე თქმით, “მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი".

რამდენიმე კვირის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს შესთავაზა, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე შეემუშავებინათ მანიფესტი, რომელსაც ერთობლივად მოაწერდნენ ხელს. მისი თქმით, მანიფესტში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ყოფილიყო პარტიული ერთიანობის შეთანხმებაც.

“თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას. ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის და განახლების უნარის პრეზენტაცია” - წერდა სააკაშვილი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პარტიის პრინციპებთან, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიასთან ერთად, "მანიფესტი პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული  შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად".

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ე.წ ნიკა მელიას ფლანგს მანიფესტისთვის ხელი არ მოუწერია. ბაჩო დოლიძის თქმით, ინდივიდუალურად გადაწყვეტდნენ, ვინ მოაწერდა ხელს "ერთიანობის დოკუმენტს" და ვინ არა. Მისივე შეფასებით, მანიფესტი არ ასახავს არსებულ რეალობას"

“ვინც არ მოაწერს ხელს, როგორ ფიქრობთ, ამდენი ადამიანი იქნება გარიცხული პარტიიდან? აქ ხომ ათი ათასობით ადამიანზეა საუბარი?" - თქვა დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიის წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოდან ჩახსნეს და არც ახალ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს. მათ შორის, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ენმ-ის რამდენიმე წევრმა კი, ახალი პოლიტსაბჭო თავად დატოვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის “ლეგიტიმურობაზე” მიხეილ სააკაშვილი იქამდეც საუბრობდა და “კატეგორიულად ვერ იზიარებდა ზოგიერთ მოსაზრებას”, რომ ლევან ხაბეიშვილს, პეტრე ცისკარიშვილს და პარტიის პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობა აქვს.

ამასთან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სადაც დისტანციურად ჩაერთო, თქვა, რომ "პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ".

სააკაშვილის განცხადებას ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ იმავე დღეს უპასუხა და დაწერა, რომ "თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ".

კომენტარები