ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი ღაზაში ჰამასის გვირაბების ქსელის დატბორვის გეგმას განიხილავს – WSJ

ისრაელელი ჯარისკაცი ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მდებარე გვირაბის შესასვლელთან
RONEN ZVULUN/Reuters

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელმა წყლის სატუმბი სისტემები გამართა, რაც შესაძლოა ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის გვირაბების ქსელის ზღვის წყლით დასატბორად გამოიყენოს.

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ამგვარი სტრატეგია, ერთი მხრივ, ჰამასის ტერორისტებს მიწისქვეშა თავშესაფრიდან გამოსვლას აიძულებს, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ქმედებამ შესაძლოა ღაზაში წყლის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა წყლის ტუმბოები ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკის ჩრდილოეთით დაამონტაჟეს. მათი მეშვეობით ისრაელს ხმელთაშუა ზღვიდან საათში ათასობით კუბური მეტრი წყლის გადატანა და გვირაბებში ჩაშვება შეუძლია, რითაც ჰამასის გვირაბების ქსელი რამდენიმე კვირაში შეიძლება დაიტბოროს.

დატბორვის ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში ჰამასის ტერორისტებს აყვანილ მძევლებთან ერთად გვირაბებიდან გამოსვლა მოუწევთ, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, აპირებს თუ არა ისრაელი დატბორვის დაწყებას მანამ, სანამ ჰამასის ტყვეობაში ჯერ კიდევ 137 მძევალი რჩება.

გვირაბების დატბორვის გეგმის შესახებ ისრაელმა აშშ-ს წინა თვეში შეატყობინა. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ისრაელს გეგმის შესრულება ჯერჯერობით არ ჰქონდა გადაწყვეტილი.

ამ ეტაპზე ისრაელმა ღაზის სექტორში 800-მდე გვირაბი აღმოაჩინა, თუმცა, IDF-ის თქმით, გვირაბების ქსელი უფრო დიდია.

ისრაელის თავდაცვის ძალებს დატბორვის გეგმასთან დაკავშირებით კითხვებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ "IDF-ი ჰამასის ტერორისტული შესაძლებლობების განადგურებას სხვადასხვა გზით, სხვადასხვა სამხედრო და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების მეშვეობით ცდილობს".

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგი დადგება გვირაბების დატბორვის გეგმის განხორციელების შემთხვევაში. ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ვიცეპრეზიდენტის ჯონ ალტერმანის თქმით, არ ვიცით, თუ რა რაოდენობის ზღვის წყალი გაჟონავს ნიადაგში და რა შედეგი მოჰყვება ამას. 

"რთულია გაიგო, თუ რას გავლენა ექნება ზღვის წყალს უკვე არსებულ წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურაზე. რთულია გაიგო, თუ რა გავლენა ექნება ამას მიწისქვეშა წყლის რეზერვებზე და ასევე რთულია, შეისწავლო, თუ როგორი ზემოქმედება ექნება ამას მიმდებარე შენობების სტაბილურობაზე." - თქვა ალტერმანმა.

კომენტარები