ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასს თურქეთსა და კატარშიც გავანადგურებთ – შინ ბეთის მეთაურის ჩანაწერი

Avshalom Sassoni/Flash90

ისრაელის სამაუწყებლო კომპანია Kan-ის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ისრაელის უშიშროების სამსახურის შინ ბეთის ხელმძღვანელი რონენ ბარი ამბობს, რომ ისრაელი ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას საზღვრებს გარეთაც გაანადგურებს.

"კაბინეტმა ჰამასის განადგურება მიზნად დაგვისახა. ეს ჩვენი მიუნხენია. ამას ყველგან გავაკეთებთ: ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანში, თურქეთსა და კატარში. რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ამის გასაკეთებლად აქ ვიქნებით." - ამბობს რონენი გავრცელებულ ჩანაწერში.

უცნობია, თუ რა გარემოებებში ან როდის გააკეთა შინ ბეთის მეთაურმა აღნიშნული განცხადება. სააგენტოს ჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ისრაელის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა 7 ოქტომბრის თავდასხმა 1972 წელს მიუნხენში ოლიმპიური თამაშების დროს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას შეადარა, როდესაც პალესტინური შავი სექტემბრის წევრები ოლიმპიურ სოფელში შეიჭრნენ და ისრაელის ოლიმპიური გუნდის 11 წევრი მოკლეს.

მიუნხენის თავდასხმაზე საპასუხოდ ისრაელმა ორგანიზაცია შავი სექტემბრის წევრებისა და სხვა ორგანიზატორის წინააღმდეგ რამდენიმე ქვეყანაში მკვლელობების კამპანია წამოიწყო.

კომენტარები