საქართველო-აზერბაიჯანი

ღარიბაშვილი: საქართველო დაინტერესებულია აზერბაიჯანთან პარტნიორობის მეტად გაძლიერებით

ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი არის მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

მოსალოდნელი არის, რომ წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი იქნება 8 000 დოლარზე მეტი, რაც არის ბოლო 3 წელიწადში გაორმაგება ამ პარამეტრის [...] მინდა გაგიზიაროთ მონაცემები, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა. ხოლო უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ დაბალ ნიშნულზე დავიდა.

ჩვენ ასევე აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ბოლო 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასეულობით შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან, ამოქმედდა თავისუფალი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და დეკემბერში ველოდებით კანდიდატის სტატუსს.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია. დღემდე ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან, ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა
დსთ-ს ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და თურქეთთან. მთლიანობაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საქართველოში ინვესტორებს აძლევს წვდომას 2,3 მილიარდიან მომხმარებელთა ბაზარზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ივლისში მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში და ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანეთ ახალ დონეზე, სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმება გავაფორმეთ, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს არამხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიან რეგიონს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მთლიან რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან. 

საქართველო არის დაინტერესებული, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის რეგიონთან. 

განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ქალაქ ბაქოში SPECA-ს ცენტრალური აზიის ქვეყნების მეთაურთა სამიტზე. 

კომენტარები