ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების პროცესი გადაიდო

ODED BALILTY / AP

22 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეებისა და პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების შესახებ, რომელიც 23 ნოემბერს დილის 10 საათზე უნდა დაწყებულიყო. რამდენიმე საათის წინ ისრაელის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს პროცესი 24 ნოემბრის დილამდე ვერ დაიწყება. მათი თქმით, შეთანხმება ისევ ძალაშია, თუმცა მოსაგვარებელია ლოგისტიკური საკითხები. 

ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლები კატარის შუამდგომლობით შეთანხმდნენ, რომ ჰამასი გაათავისუფლებს 50 ტყვეს, 30 ბავშვსა და 20 ქალს, ხოლო ისრაელი ამის სანაცვლოდ ციხიდან გამოშვებს 150 პალესტინელ პატიმარს, რომელთა უმრავლესობა თინეიჯერია. როგორც ცნობილია, ღაზის სექტორიდან ტყვეების გათავისუფლების პროცესი რამდენიმე ეტაპად უნდა მომხდარიყო. 

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, უახლოეს საათებში გაჟღერდება ინფორმაცია, თუ ზუსტად როდის ამოქმედდება მიღწეული შეთანხმების პირობები. მათი თქმით, მოლაპარაკებები პოზიტიურად პროგრესირებს და შეთანხმების ჩაშლის რისკები არაა. 

CNN-თან ინტერვიუში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ადრიენ უოტსონმა თქვა, რომ ტყვეებისა და პატიმრების გათავისუფლების პროცესის გადადება ისრაელის, კატარის და ეგვიპტის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, მხარეებს მეტი დრო სჭირდებათ რათა დეტალები შეთანხმდეს და არცერთი პატარა გადაცდომა არ მოხდეს. 

კომენტარები