საგარეო ვაჭრობა

თურქეთი, რუსეთი, აშშ – საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-ოქტომბერში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17 785.4 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5 102.3 მლნ დოლარია (+12.5%), ხოლო იმპორტი - 12 683.1 მლნ დოლარი (+17.8%). უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 7 580.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია.

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია: აზერბაიჯანი (713.5 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (657.5 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (579.9 მლნ. აშშ დოლარი).

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8% იყო. პირველ სამეულშია: თურქეთი (2 103.9 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 591.1 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 481.2 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 462.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 040.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 665.6 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 762.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.5%-ია. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.8%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 217.3 მლნ. აშშ დოლარით (4.3%).

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც მსუბუქი ავტომობილები იყო - 2 589.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4%.

მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 928.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 445.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.5%).

კომენტარები