საგარეო ვაჭრობა

საქსტატი: იანვარში იმპორტი 10.1%-ით, ხოლო ექსპორტი 26.2%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 მილიარდ 341 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია.

ამავე ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 338.6 მლნ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის იანვრის შესაბამის მაჩვენებელზე 26.2%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 10.1%-ით შემცირდა და შესაბამისად, 1 002.7 მლნ შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 664.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.

საქსტატი

როგორც საქსტატის გამოქვეყნებულ დოკუმენტია აღნიშნული, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8% შეადგინა. 

უმსხვილესი საექსპორტო სამეული:

  • ყირგიზეთი (46.2 მლნ დოლარი); 
  • რუსეთი (41.6 მლნ დოლარი);
  • აზერბაიჯანი (40.9 მლნ დოლარი).

გარდა ამისა, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70% შეადგინა. 

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იმპორტის მიხედვით (პირველი სამეული):

  • თურქეთი (203.1 მლნ დოლარი);
  • რუსეთი (148.4 მლნ დოლარი);
  • ჩინეთი (76.4 მლნ დოლარი).

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (232.6 მლნ დოლარი), რუსეთი (190.0 მლნ დოლარი) და ჩინეთი (96.4 მლნ დოლარი).

ამავე პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 112.0 მლნ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 19.4 მლნ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 18.0 მლნ დოლარით.

რაც შეეხება საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, ამ მიმართულებით პირველი სამეული შემდეგნაირად გადანაწილდა: მსუბუქი ავტომობილები (101.4 მლნ დოლარი); ნავთობი და ნავთობპროდუქტები (80.4 მლნ დოლარი); ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები (66.8 მლნ დოლარი). 

კომენტარები