ოკუპირებული აფხაზეთი

ელექტროკრიზისის ფონზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ვარდნილჰესი 2-ის იჯარით გაცემაზე ფიქრობენ

ვარდნილჰეს 2

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ელექტროენერგიის კრიზისის ფონზე, მარიონეტულ რეჟიმში ვარდნილჰესი 2-ის იჯარით გაცემას განიხილავენ. 

თავდაპირველად აფხაზურ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ცნობა, რომ ენერგოკომპანია ჩერნომორენერგომ ე.წ. პარლამენტს განსახილველად გადასცა ენგურჰესის კომპლექსში შემავალი 3 ვარდნილი ჰესის იჯარით გაცემის შეთანხმება. საუბარი იყო ობიექტების კომპანია სოხუმჰესისთვის იჯარით გადაცემაზე.

10 ნოემბერს ჩერნომორენერგოს გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ Эхо Кавказа-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საუბარი იყო არა სამ ჰესზე, არამედ კასკად N2-ზე. ის ამბობდა, რომ ამ საკითხს ე.წ. პარლამენტში განიხილავდნენ. ჯინჯოლიას შეფასებით, ვარდნილჰეს 2-ის ამჟამინდელი ღირებულება 3 მილიარდ რუბლს აღწევს, რაც, დაახლოებით, 33.6 მილიონი აშშ დოლარია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს ჰესის იჯარით გაცემის კონტრაქტი, წინასწარ გავრცელებული ცნობების მიხედვით, 14 ნოემბერის სხდომაზე უნდა განეხილათ, თუმცა არ განიხილეს

ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, 5 ნოემბრიდან ოკუპირებულმა აფხაზეთმა ელექტროენერგიის რუსეთიდან მიღება დაიწყო, თუმცა გასული დღის სხდომაზე ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა თქვა, რომ რუსეთმა სოხუმისთვის ელექტროენერგიის მიწოდების თავად ანაზღაურებაზე უარი თქვა. ე.წ. პარლამენტი მარიონეტულ ხელისუფლებას სთხოვს, რომ ელექტროენერგიის მიღებისთვის 900 მილიონი რუბლი გამოყონ, თუმცა მათ ამ რაოდენობის თანხა არ გააჩნიათ. ე.წ. დეპუტატის, ბესლან ხალვაშის თქმით, ყველა ცდილობს იპოვოს შესაძლებლობა.

"სამწუხაროდ, ჩვენ მივედით ისეთ დრომდე, როცა ჩვენ შუქს უფასოდ არავინ მოგვაწვდის. ჩვენი ქვეყნისთვის დაწესებულია უფასო ელექტროენერგიის ლიმიტი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყიდოთ ორჯერ უფრო მეტი, ფული კი ამისთვის არ გვაქვს". – თქვა Эхо Кавказа-სთან ე.წ. დეპუტატმა, ბესლან ხალვაშმა.

ვარდნილჰესი 2-ის იჯარით გაცემას ეწინააღმდეგება ვეტერანთა ოპოზიციური მოძრაობა არუაა. ორგანიზაციაში ამბობენ, თუ ე.წ. ხელისუფლება "ეროვნულ მემკვიდრეობას" იჯარით გაცემს, სოხუმში საპროტესტო აქციას ჩაატარებენ.

"ელექტროენერგიის მწარმოებელი ობიექტის იჯარის პირობები ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ინტერესებს". – ნათქვამია ვეტერანების განცხადებაში.

ოპოზიციურ მოძრაობაში თვლიან, რომ ჰიდროელექტროსადგურების იჯარით გაცემის შემთხვევაში სახელმწიფომ, სულ მცირე, 50% უნდა მიიღოს. ვეტერანების თქმით, "აფხაზეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ", ნახსენები შეთანხმების ანულირებას მოახდენენ. 

ამჟამად მუშაობს მხოლოდ ერთი ვარდნილი ჰიდროელექტროსადგური - ვარდნილჰეს 1. მას 220 მეგავატის სიმძლავრე აქვს. კიდევ 3 ვარდნილი ჰესი უმოქმედოა და გასაახლებელია.

კომენტარები