ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: გავანადგურეთ ჰეზბოლას ობიექტები, ვაღრმავებთ თავდასხმას ღაზაში

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ღაზის სექტორის საზღვართან, 2023 წლის 14 ოქტომბერი.
AP Photo/Ariel Schalit

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, სამხრეთ ლიბანში საზღვარზე ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ, რეაქტიული თვითმფრინავებით ჰეზბოლას ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც გაანადგურეს ტერორისტული ჯგუფის უჯრედი, რომელიც ბირანიტის სამხედრო ბანაკის ახლოს თავდასხმას გეგმავდა.

პარალელურად, IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ღაზაში სახმელეთო ოპერაციას აღრმავებენ და ჰამასის საზღვაო და საჰაერო დანაყოფებს დიდ ზიანს აყენებენ.

"ვაგრძელებთ ქალაქ ღაზაში თავდასხმის გაღრმავებას და სამოქალაქო ადგილებთან ახლოს მდებარე გვირაბებს ვშლით. ძლიერი დარტყმა მივაყენეთ ჰამასის საჰაერო და საზღვაო ერთეულებს, რომლებიც სტრატეგიულ თავდასხმას გეგმავდნენ". – თქვა ჰაგარიმ.

მისივე თქმით, IDF-ის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული კორიდორის გამოყენებით ჩრდილოეთ ღაზიდან სამხრეთით 50 000 ადამიანი გადაადგილდა. 

"ჰამასის ხელმძღვანელობა მოწყვეტილია სიტუაციას. დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ 50 000 ღაზელი სამხრეთით მიემართებოდა, მათ ესმით, რომ ჰამასმა კონტროლი დაკარგა". – თქვა ჰაგარიმ.

IDF-ის სპიკერი ასევე ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება, თუმცა მოსახლეობის ევაკუაციის გასამარტივებლად "ჰუმანიტარული პაუზები" გამორიცხული არ არის.

ამასთან, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც უარყო გავრცელებული ხმები, რომ ისრაელი ჰამასთან მოლაპარაკებების ფარგლებში მძევლების ნაწილის გათავისუფლების სანაცვლოდ რამდენიმე დღით ცეცხლის შეწყვეტას განიხილავს. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები