ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რატომ იზრდება ახლო აღმოსავლეთში ჰამასის მიმართ მხარდაჭერა?

ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რატომ იზრდება ახლო აღმოსავლეთში ჰამასის მიმართ მხარდაჭერა?

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის და ექვსთვიანი ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ჰამასის მიმართ მხარდაჭერა გაიზარდა. მრავალი დასავლური ორგანიზაცია ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ შეიცვალა ახლო აღმოსავლეთში არაბი მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრი და ზოგადად, რას ეფუძნება მათი პოზიციები. ჰამასისადმი მხარდაჭერის ზრდას სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული ფაქტორები განაპირობებს, მაგალითად რელიგიის როლი, ეკონომიკა, ომის ეფექტები და საინფორმაციო სივრცის პოლიტიკა. არადემოკრატიული სახელმწიფოები ხშირად იმაზე მეტად აირეკლავენ საზოგადოებრივ აზრს, ვიდრე ეს ჩვეულებრივ წარმოუდგენიათ ხოლმე, შესაბამისად, ტენდენციებს, რაც ბოლო კვლევებში იჩენს თავს, შესაძლოა რეალური გავლენა ჰქონდეს  რეგიონში მოვლენების განვითარებაზე.

ჰამასის იდეოლოგია რადიკალიზაციისთვის ორ უმთავრეს საყრდენს - ნაციონალიზმსა და რელიგიას იყენებს. სხვა ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების მსგავსად, ბრძოლის ტერორისტული მეთოდები ისრაელის და კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ ჯიჰადის რადიკალურ ისლამისტურ გააზრებას ეფუძნება. “მოძრაობის პროგრამა არის ისლამი. მისგან ის იღებს იდეებს, აზროვნების მიმართულებას და სამყაროს, ცხოვრების და ადამიანის აღქმას” - წერია ჰამასის 1988 წლის შეთანხმებაში. 

ტერორიზმის ისტორიკოსები თანამედროვე ტერორიზმის ოთხ ტალღას გამოყოფენ, რომლის ამჟამინდელი, ბოლო ტალღაც რელიგიური, ისლამისტური ტერორიზმია. ამის გამო, ახლო აღმოსავლეთში სეკულარიზმის უკუსვლა და რადიკალური ისლამის მომძლავრება ხშირად ახდენს გავლენას საზოგადოების პოლიტიკურ განწყობებზე და აღქმებზე. ჰამასი შექმნის დღიდან აქტიურად ავრცელებს ისლამის ძალადობრივ ინტერპრეტაციებს სუნიტური ექსტრემისტული ტრადიციით და ყველა მუსლიმის მთავარ, სანუკვარ მიზნად ისრაელის განადგურებას სახავს. ორგანიზაციული და იდეოლოგიური განვითარების რაღაც ეტაპზე ჰამასი გამოეყო პალესტინური ჯგუფების გაერთიანებას, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას რომელიც გაცილებით უფრო ფართო იდეურ დაჯგუფებებს მოიცავდა, მათ შორის მარქსისტულ და სეკულარულ ნაციონალისტურ მიმართულებებს.

Arab Barometer-ის უახლესი სტატისტიკით, 2019-24 წლებში ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში რელიგიური ისლამის აღზევების ახალი ტალღაა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში რელიგიური ტექსტებით ხელმძღვანელობა ან სასულიერო პირების ჩართულობა აუცილებელია. რელიგიურობის ზრდა განსაკუთრებით საგრძნობია 18-დან 29 წლამდე მოსახლეობაში. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ისლამის აღმავლობის ეს ტენდენცია პირველია 2011 წლის არაბული გაზაფხულის მოვლენების შემდეგ. დღესდღეობით, არაბული სამყაროს პოლიტიკაში ისლამისტური პარტიები ბევრად მცირე როლს ასრულებენ, ვიდრე ეს 2011 წელს არაბული გაზაფხულის წინა პერიოდამდე ხდებოდა. მუსლიმური საძმო განდევნილია ეგვიპტიდან, ენაჰდა-მუსლიმური დემოკრატიული პარტია დამარცხდა ტუნისში, მაროკოში დამარცხდა სამართლის და განვითარების პარტია (JDP). შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის პარტიები ოფიციალურად ისლამისტური იდეოლოგიით მხოლოდ ღაზაში და ლიბანში არიან შემორჩენილი.

Arab Barometer
Arab Barometer

იქიდან გამომდინარე, რომ ეგვიპტე ჰამას-ისრაელის ომში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტორია, განსაკუთრებით საყურადღებოა სწორედ იქ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები. Washington Institute-ის მიერ 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში ეგვიპტეში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 75%-ს ჰამასის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლიდან 2023 წლამდე ეგვიპტეში ჰამასი უფრო ნეგატიურად აღიქმებოდა ვიდრე პოზიტიურად. ასევე, ეგვიპტეში გამოკითხულთა უმეტესობა მხარს არ უჭერს ისრაელთან კავშირების გაღრმავებას, თუმცა, ამავდროულად, ქვეყანაში პოპულარობით არ სარგებლობენ ირანის სხვა მარიონეტული ორგანიზაციები, მაგალითად ჰეზბოლა ან ჰუსიტები.

გამოკითხულთა 69% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ “არაბულმა სახელმწიფოებმა უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულონ პალესტინასა და ისრაელს შორის მშვიდობის დამყარების პროცესში და ორივე მხარეს უნდა შეუქმნან სტიმულები უფრო ზომიერი პოზიციებისთვის”. აღსანიშნავია, რომ ჰამასს მუსლიმურ საძმოსთან დიდი კავშირები აქვს, რის გამოც ამჟამინდელი ეგვიპტური ხელისუფლება მასში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს. ამის გამო, სავარაუდოა, რომ ჰამასის მიმართ თანაგრძნობის და მხარდაჭერის ზრდა სხვა არაბულ სახელმწიფოებში უფრო მასშტაბური იქნება ვიდრე ეგვიპტეში. ეგვიპტეში მუსლიმური საძმო ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ჰამასის პოპულარობის ზრდას აჩვენებს, ეს არ ჩანს მუსლიმური საძმოს მიმართ დამოკიდებულებაში, რომელიც კვლავ კარგავს პოპულარობას - ამჟამად ეგვიპტელების მხოლოდ 11% აღიქვამს მუსლიმურ საძმოს პოზიტიურად.

ამავე ორგანიზაციის წინა კვლევებში ჩანდა, რომ ეგვიპტელთა მესამედზე მეტი ეწინააღმდეგებოდა ჰამასის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში ისრაელის წინააღმდეგ, თუმცა, ახლა გამოკითხულთა 86% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ “ჰამასმა უნდა შეწყვიტოს ისრაელის განადგურების მოწოდება და სანაცვლოდ უნდა მიიღოს ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა 1967 წლის საზღვრების შესაბამისად”. ასევე, გამოკითხულთა 94%-ს სჯერა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმისას ჰამასს არ მოუკლავს მშვიდობიანი მოქალაქეები ისრაელში. 

კვლევის ეს კითხვები ბოლო წლებში ეგვიპტელთა შეხედულებების მკვეთრ ცვლილებაზე მიუთითებს. ეს ცვლილება შესაძლოა გამოწვეული იყოს უახლოეს წლებში განვითარებული სხვადასხვა მოვლენებით, მაგალითად, ღაზაში ომის დაწყებით, 2021 წელს აღმოსავლეთ იერუსალიმში შეიხ ჯარას უბანში ძალადობრივი ინციდენტების ფონზე ჰამასისა და ეგვიპტის რეჟიმის დაახლოებით, ეგვიპტური მედიის მიერ 7 ოქტომბრის ინციდენტებზე დისკურსიების და ნარატივების შერბილებით და სხვა. 

ამასთან, საინტერესოა, რომ სუნიტურ ეგვიპტეში ირანის სხვა მარიონეტული ძალა - შიიტური ჰეზბოლა კვლავ არაპოპულარულია.  კვლევაში მონაწილეთა 79%-მა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ჰეზბოლას მიმართ და დაახლოებით 75% ეთანხმება აზრს, რომ “ირანს, ჰეზბოლას, ჰუსიტებს და მათ სხვა მოკავშირეებს არ სურთ ან არ შეუძლიათ პალესტინელების დახმარება, იმის მიუხედავად, თუ რას იბრალებენ”. 

ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ აღიქვამენ ეგვიპტელები ღაზაში მიმდინარე ომში მხარეების მოტივაციას და მიზნებს. გამოკითხულთა 94% “აშფოთებთ, რომ ისრაელს ალ-აქსას მეჩეთის განადგურება სურს”, რაც კონფლიქტის არსს რელიგიურ დაპირისპირებად წარმოაჩენს.

2023 წლის მეორე ნახევრამდე ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს პალესტინური საკითხი უკან ჰქონდათ გადაწეული და ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მრავალი მათგანი მცირე, თუმცა, იმედისმომცემ ნაბიჯებს დგამდა. 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის იანვრამდე 16 არაბულ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ასევე ჩაატარეს Arab Center Washington-მა და The Arab Center for Research and Policy Studies-მა. ამ კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 92%-ი მიიჩნევს, რომ პალესტინის საკითხი ზოგადად არაბული სამყაროს პრობლემაა, და არა მხოლოდ პალესტინელების. 2022 წელს სუდანში ჩატარებული გამოკითხვით, 68% მიიჩნევდა, რომ პალესტინის პრობლემა მთლიანად არაბულ სამყაროს ეხებოდა, ამ კვლევით კი ეს მონაცემი 91%-მდეა გაზრდილი. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება საუდის არაბეთში, სადაც ეს მონაცემი ერთ წელიწადში 69%-დან 95%-მდე გაიზარდა, ხოლო მაროკოში 59%-დან 95%-მდე. 

პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრს შორის მკაფიო კორელაცია ხშირად იმდენად დამაბნეველია, რომ ვეღარ ვარჩევთ, რომელი ცვლადი რომელზე ახდენს გავლენას თავდაპირველად. ერთის მხრივ, გეოპოლიტიკა და ომები უდიდეს ემოციურ ეფექტს ახდენს რიგით ადამიანებზე და ცვლის მათ პერსპექტივებს. თუმცა, ამავდროულად, რეგიონის ძირითადი აქტორები ირეკლავენ ხალხის განწყობებს.

კომენტარები