2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

REUTERS: აშშ-ს ნაციონალურმა მუსლიმურმა დემოკრატიულმა საბჭომ ჯო ბაიდენს ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი
Drew Angerer/Getty Images

ამერიკის მუსლიმი მოქალაქეებისა და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების თქმით, ისინი თავს შეიკავებენ აშშ-ს მომავალ არჩევნებში ჯო ბაიდენის მხარდაჭერასა და მისი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებისგან თუ ის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწევს.

ნაციონალურმა მუსლიმურმა დემოკრატიულმა საბჭომ, (The National Muslim Democratic Council) რომლის წევრებიც დემოკრატიული პარტიის ლიდერებიც არიან, მოუწოდა ბაიდენს გამოიყენოს მისი გავლენა და აიძულოს ისრაელი, რომ დათანხმდეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე.

"ჩვენ შევაჩერებთ დახმარებას და არჩევნებზე ხმას არ მივცემთ იმ კანდიდატს, რომელიც მხარს უჭერს ისრაელის თავდასხმას პალესტინელ ხალხზე. თქვენი ადმინისტრაციის უპირობო მხარდაჭერამ, რომელიც [ისრაელის] დაფინანსებასა და იარაღის მიწოდებაში გამოიხატა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის გახანგრძლივებაში, ამასთანავე, მან შეარყია ამომრჩევლის ნდობა თქვენს მიმართ". – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში სათაურით "2023 ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმი".

საკრამენტო ველის ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს (CAIR) აღმასრულებელი დირექტორის, ბასიმ ელკარას თქმით, მუსლიმი მხარდამჭერების ხმები გადამწყვეტი იქნება ბაიდენისთვის 2024 წლის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ 2020 წელს არჩევნები მიჩიგანის შტატში ბაიდენმა უმნიშვნელო 2.6%-იანი სხვაობით მოიგო. 

თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, წინა ხუთშაბათს ბაიდენი შეხვდა არაბი და მუსლიმი თემის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც შეშფოთებული არიან ბაიდენის მიერ კრიზისის მართვით. 

მინესოტას შტატის CAIR აღმასრულებელი დირექტორი ჯაილან ჰუსეინის თქმით, მათ პოზიციას სხვა მუსლიმი ამერიკელი ლიდერებიც გაიზიარებენ, განსაკუთრებით ისეთ შტატებში, რომლის მოგებაც 2024 წლის არჩევნებში ბაიდენისთვის გადამწყვეტი იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მუსლიმი ამერიკელების 70%-მა მხარი ბაიდენს დაუჭირა. "ველით, რომ ამ კვირას, ვისკონსინისა და ოჰაიოს შტატის წარმომადგენლებიც შემოგვიერთდებიან" - თქვა მან. 

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის ვერ დათანხმდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. აშშ ეროვნული უსაფრთხოების პრესმდივნის, ჯონ კირბის თქმით, კი ცეცხლის შეწყვეტა "მომგებიანი მხოლოდ ჰამასისთვისაა".

კომენტარები