ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

CNN: კაიროს სამიტის მონაწილეები "განსხვავებების" გამო საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ

წყარო: Ahram Online

კაიროს სამშვიდობო სამიტის შემდეგ მონაწილე ქვეყნების "განსხვავებული" მოსაზრებების გამო საერთო განცხადება არ გამოქვეყნდება. ინფორმაცია საქმის კურსში მყოფმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს მიაწოდა.

კაიროს სამიტს ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ-ფატაჰ ალ-სისიმ უმასპინძლა. მისი თქმით, მან შეკრიბა მსოფლიო ლიდერები ეგვიპტის დედაქალაქში, რათა ეპოვა "გზამკვლევი", ღაზაში "ჰუმანიტარული ტრაგედიის" დასასრულებლად. კაიროში 34 ქვეყნის, გაეროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები ჩავიდნენ. შეხვედრას ისრაელი არ ესწრებოდა.

სამიტზე სიტყვით გამოვიდა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი. მან დაგმო ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და მოუწოდა მხარეებს "ყველა მშვიდობიანი მოქალაქის, პატიმრისა და მძევლის გათავისუფლებისკენ". მან ასევე აღნიშნა, რომ პალესტინელები არ აპირებენ იმ მიწების დატოვებას სადაც ცხოვრობენ.

"ჩვენ არ დავტოვებთ, არ დავტოვებთ, არ დავტოვებთ და დავრჩებით ჩვენს მიწაზე". - თქვა აბასმა.

სამიტზე იორდანიის მეფე აბდულა მეორემაც მოითხოვა ღაზაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა. ამას გარდა, მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მოსაზრება, რომ პრობლემის ხანგრძლივი გადაწყვეტა, ორი სახელმწიფოს დაფუძნება იქნება.

სამიტზე სიტყვით გამოვიდნენ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებიც, რომლებმაც თქვეს, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა, მას ასევე აქვს პასუხისმგებლობა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები