ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მსოფლიომ ჰოლოკოსტს უყურა და არაფერი გააკეთა, იგივეს აღარ დავუშვებთ - ბაიდენი

ჯო ბაიდენის მიმართვა ისრაელში, 18 ოქტომბერი, 2023

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 18 ოქტომბერს თელ-ავივში ისრაელის მოსახლეობას მიმართა, რომლის მიზანიც ამერიკის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება იყო.

"აქ ჩამოვედი, რათა გითხრათ, რომ მარტო არ ხართ. სანამ აშშ არსებობს - და ჩვენ მუდამ ვიარსებებთ - ისრაელი მარტო არასოდეს იქნება".

მიმართვაში ბაიდენმა თქვა, რომ ჰამასის ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე, ჰოლოკოსტს გვახსენებს, ამერიკა კი არ დაუშვებს მსგავსი რამ განმეორდეს.

ბაიდენის თქმით, ამერიკა ისრაელს საჭიროებისამებრ გაუწევს სამხედრო დახმარებას: "რკინის გუმბათს სრულად მოვამარაგებთ, რათა იგი ისრაელის ცაზე გუშაგად იყოს, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს მფარველობს".

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ამერიკის პოზიცია, რომ "ჰამასი პალესტინელ მოსახლეობას არ წარმოადგენს". 

პრეზიდენტი ბაიდენმა მიმართვისას თქვა, რომ ამერიკა $100 რაოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს ღაზისა და იორდანიის დასავლეთ სანაპიროში ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის. იგი ასევე, უზრუნველყოფს, რომ  ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ აშშ-ს ჰუმანიტარული დახმარება საკუთარი მიზნებისთვის ვერ გამოიყენოს.

"ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მშვიდობისთვის, რათა ისრაელისა და პალესტინის ხალხმა უსაფრთხოდ, მშვიდობასა და ღირსებაში შეძლოს ცხოვრება, რაც კონფლიქტის ორი სახელმწიფოთი გადაჭრას გულისხმობს," - თქვა ბაიდენმა მიმართვისას.

მან ასევე მწუხარება გამოთქვა გუშინ, 17 ოქტომბერს, ღაზის სექტორის ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო. ბაიდენმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ღაზის სექტორის ტერორისტულ დაჯგუფებას დააკისრა. 

მიმართვის ბოლოს, მან პირობა დადო, რომ "ტერორისტები ვერ გაიმარჯვებენ, მხოლოდ თავისუფლება გაიმარჯვებს".

კომენტარები