უკრაინა

უკრაინაში ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პოლიციამ პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი რადის დეპუტატმა ინა სოვსუნმა გაავრცელა.

"დღეს მივიღე პასუხი პოლიციისგან წინასწარი გამოძიების დაწყების შესახებ. ინფორმაცია შეყვანილია წინასწარი გამოძიებების ერთობლივ რეესტრში. ეს ნიშნავს, რომ ახლა პოლიცია ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. ამას გარდა, გენერალური პროკურორისგან მაქვს პასუხი, რომლის მიხედვითაც, საქმე გადაეცა კიევის საქალაქო პროკურატურას". – წერს სოვსუნი.

აქამდე ინა სოვსუნმა პოლიციას მიმართა საჩივრის 25 სექტემბრის ვიდეოსთან დაკავშირებით. ჩანაწერში არესტოვიჩი ამბობდა, რომ ქალები არიან "არსებები", რომლების ჯერ "მოტ*ვნა", შემდეგ კი "წყენინება" და "შეუჩერებლად დახრჩობა" სურს. ამას გარდა მისი თქმით, ქალებმა კაცებს "უნდა უყურონ როგორც კერპებს". 

28 სექტემბერს ინა სოვსუნმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს საჩივრით, რომ არესტოვიჩმა დაარღვია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ძალადობისა და სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის კულტის გავრცელებას. სასჯელი თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთაა.

კომენტარები