საქართველო-ევროკავშირი

ჩვენმა მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა – ღარიბაშვილი ლაიენს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი და საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გრანადაში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა და ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ესაუბრა.

პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა ლაიენთან საუბრისას 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი კვლავ გრძელდება".

"ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და მისი ძალისხმევა 12 პრიორიტეტის განსახორციელებლად სამართლიანად იქნება აღიარებული. შესაბამისად, საქართველო წლის ბოლოს კომისიის მხრიდან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია". - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრისას ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ამ კონტექსტში ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის მიმდინარეობისას საქართველოს პრემიერმა შეხვედრა სხვა ევროპელ ლიდერებთანაც გამართა. ის შეხვდა სლოვენიის პრემიერს, რობერტ გალობს, საბერძნეთის პრემიერს, კირიაკოს მიცოტაკისს, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს, ფინეთის პრემიერ პეტერი ორპოს და ბულგარეთის პრემიერ ნიკოლაი დენკოვს.

ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე ისაუბრა და სტატუსის მონიჭებისთვის მათი მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

მოგვიანებით, სამიტის მონაწილე ლიდერებთან ერთად ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოს მეფე, ფილიპე VI-სა და დედოფლის მასპინძლობით ალამბას ისტორიულ ციხე-სიმაგრეში გამართულ ოფიციალურ სადილსაც დაესწრო.

კომენტარები