ბუჩამდე იყო აფხაზეთი

პატარაია აფხაზეთის მოვლენებზე: სწორია, "ეთნიკური წმენდის" ნაცვლად, გამოვიყენოთ "გენოციდი"

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

აფხაზთა კრების თავმჯდომარე, მალხაზ პატარაია Facebook-ზე გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ურთიერთმიმართების შესახებ წერს და ხსნის, რატომ არის სწორი აფხაზეთის ომის დროს განვითარებულ მოვლენებს ეწოდოს გენოციდი.

საჯარო და სოციალურ სივრცეში აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით ეს საკითხი გარკვეულწილად სადისკუსიო ხდება, ხშირადაც გვეკითხებიან რა განსხვავებაა "ეთნიკურ წმენდასა" და "გენოციდს" შორის. ამიტომ, რადგან არსებობს განსხვავებული ინტერპრეტაციები, გვინდა გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება ამ საკითხზე.

ყველა ეთნიკური წმენდა გენოციდი არ არის. მაგალითად, თუ მოსახლეობამ თავი გაარიდა საომარ მოქმედებებს და უკან არ აბრუნებენ - ეთნიკური წმენდაა. გენოციდს განასხვავებს ჯგუფის, ან ჯგუფის ნაწილის ფიზიკური განადგურების (მასობრივი მკვლელობების) ფაქტორი. ამასთან, ვერცერთ საერთაშორისო ნორმატიულ დოკუმენტში "ეთნიკურ წმენდას" ვერ ნახავთ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს. არის გენოციდი, ომის დანაშაული ან დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსშიც ასეა. საერთაშორისო სამართლით "ეთნიკური წმედა" დამოუკიდებელ დანაშაულად არ არის აღიარებული. არცერთ პროკურორს არ შეუძლია ვინმეს ბრალი წაუყენოს ეთნიკური წმენდის ჩადენაში. ეს ტერმინი "პოლიტკორექტულობის" მიზეზით მკვიდრდება იუგოსლავიის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენში დომინირებს არასწორი მოსაზრება, რომ ეუთოს ბუდაპეშტის, ლისაბონის, სტამბოლის სამიტების დეკლარაციებსა და ვენის სამიტის გადაწყვეტილებაში აფხაზეთის მოვლენები აღიარებულია მხოლოდ ქართველების ეთნიკურ წმენდად. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამ დოკუმენტებში აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შეფასებულია 4 ელემენტით: ეთნიკური წმენდა, ქართველების მასიური განადგურება, ძალადობით განდევნა, დემოგრაფიული სურათის ხელოვნურად შეცვლა. ეს გენოციდის კვალიფიკაციაა. ისევ მაშინდელი "პოლიტკორექტულობის", აგრეთვე, რუსეთისადმი დასავლეთის მხრიდან ლოიალობისა და ამ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის გამო "ქართული მოსახლეობის ფიზიკურ განადგურებას და ძალადობით განდევნას აფხაზეთიდან, დემოგრაფიული სიტუაციის ხელოვნურად შეცვლას" არ დაერქვა თავისი ნამდვილი სახელი - გენოციდი, და არც ავტორი დასახელებულა. დღეს უკრაინამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და ჩვენც ზუსტად ასე უნდა მოვიქცეთ. სხვათა შორის, უკრაინელები უკვე საკითხს აყენებენ ორმაგი გენოციდის შესახებ (ჰოლოდომორი). უფრო ადრე გერმანელებმაც გაასამართლეს ბოსნიელი სერბი გენოციდის მუხლით (ECHR, Jorgic v. Germany, no. 74613/01, 12.07.2007) და ლიტველებმაც ადგილობრივი KGB-ს თანამშრომელი პარტიზანების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში (Drėlingas v. Lithuania, no. 28859/16, 12.03.2019) .

აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის გენოციდის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის უფრო ადრინდელ სამართლებრივ აქტებში (პარლამენტის 22, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და სხვა - 8). აქ გვხვდება ტერმინი გენოციდი/ეთნიკური წმენდა. მაგრამ აქაც, სამწუხაროდ, არ არის დასახელებული ავტორი - რუსეთი.

იმთავითვე "ეთნიკურმა წმენდამ" დაიწყო ფეხის მოკიდება გაეროს დოკუმენტებში ყოფილ იუგოსლავიის ტერიტორიაზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ დანაშაულთა მრავალრიცხოვნებამ, "ადამიანის უფლებათა უხეში და სისტემატური დარღვევების უწყვეტმა ჯაჭვმა" გაეროსთვის აქტუალური გახადა "ეთნიკური წმენდისა" და გენოციდის ურთიერთმიმართებაში გარკვეული სიცხადის შეტანა:

""ეთნიკური წმენდის" ამაზრზენი პოლიტიკა არის გენოციდის ფორმა“ (გაეროს გენერალური ასამბლეის 1992 წლის 18 დეკემბრის რეზოლუცია, A/RES/47/121, The situation in Bosnia and Herzegovina).

"გენოციდი არის ეთნიკური წმენდის პოლიტიკის უკიდურესი ფორმა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპობის მიზანი, რაც გენოციდს ახასიათებს, მკაფიოდ შეიძლება გამოვლენილ იქნეს "ეთნიკური წმენდის" დამამძიმებელი ხასიათიდან, ანუ მასობრივი მკვლელობებიდან. გენოციდი უმაღლესი დანაშაულია ("Genocide is the ultimate crime"), განსაკუთრებული სიმძიმისა და მასშტაბის აქტები, მასობრივი და სისტემური ხასიათის, კაცობრიობის სინდისისთვის შოკისმომგვრელი, "ეთნიკურად სუფთა" რეგიონების შექმნისთვის ან მის გარეშე, ყველაზე მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე ორგანიზებული და სხვა რიგითი მოქალაქეების ჩუმი თანხმობით განპირობებული. მასზე პასუხს აგებს ყველა პირი ხელისუფლების ვერტიკალში, საოკუპაციო ხელისუფლებაში, სამხედრო მეთაური, რომელიც ახორციელებდა ამ პოლიტიკას და მხეცობებს ან თუნდაც ვერ აარიდა ეს დანაშაულები ან არ დასაჯა დამნაშავეები, ქმედებით ან უმოქმედობით, აგრეთვე შემსრულებლები" ( Case N IT 95-18-1 The international Criminal Tribunal for the Former Yugoslavia. Before a Jadge of the Treal Chamber. The Prosecutor V. Radovan Karadzic, Ratko Mladich. Reviuev of indictment.16th day of November, 1995).

გაეროს ექსპერტთა კომისიამ, რომელიც უფლებამოსილი იყო ეწარმოებინა ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების გამოძიება, მოხსენებაში (S/1994/674), განმარტა რომ იძულებითი პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მშვიდობიანი მოსახლეობის განდევნის მიზნით, შეიძლება მოიცავდეს: მკვლელობას, წამებას, თვითნებურ დაკავებას და დაპატიმრებას, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯას, გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობას, მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე ფიზიკურ დაზიანებას, მშვიდობიანი მოსახლეობის გეტოში მოთავსებას, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გასახლებას, გადაადგილებას და დეპორტაციას, განზრახ სამხედრო თავდასხმებს ან თავდასხმების მუქარას მშვიდობიან მოსახლეობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის განსახლების ადგილებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებას, ქონების და კულტურული ფასეულობების განადგურებას, პირადი ქონების ძარცვასა და ქურდობას, უძრავი ქონების იძულებით ექსპროპრიაციას, მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას, თავდასხმებს საავადმყოფოებზე, სამედიცინო პერსონალზე და ადგილებზე წითელი ჯვრის/წითელი ნახევარმთვარის ემბლემით და სხვ.

ექსპერტთა კომისიამ აღნიშნა, რომ ეს პრაქტიკა შეიძლება "... წარმოადგენდეს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ და იყოს კონკრეტული სამხედრო დანაშაულები. გარდა ამისა, ასეთი ქმედებები შეიძლება ასევე მოხვდეს გენოციდის კონვენციის მოქმედების ქვეშ" ( FINAL REPORT OF THE COMMISSION OF EXPERTS ESTABLISHED PURSUANT TO SECURITY COUNCIL RESOLUTION 780 (1992), S/1994/674, par.129, 134-138, 150).

გაცილებით უფრო ფართოდ განმარტავს გენოციდს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კერძოდ "ჯგუფსა" და მის "ნაწილს", "ჯგუფის" ან "ნაწილის" განადგურებას, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ ინდივიდების ბიოლოგიურ მოსპობას, არამედ გულისხმობს აგრეთვე, ჯგუფის ან მისი ნაწილის სოციალური ერთობის მოსპობას ბიოლოგიურ-ფიზიკური განადგურების გარეშეც (Jorgic v. Germany, 12.07.2007), კანონის რეტროაქტიური (უკუძალით) გამოყენების შესაძლებლობას.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია საქმე დრელინგასი ლიტვის წინააღმდეგ (Drėlingas v. Lithuania, no. 28859/16, 12.03.2019), რომელიც ეხება სსრკ უშიშროების კომიტეტის (KGB) ყოფილ ოფიცერს, რომელიც მონაწილეობდა 1956 წელს საბჭოთა რეჟიმისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის ორი ლიტველი პარტიზანის, ცოლ-ქმარ ადოლფას რამანაუსკასისა და ბირუტე მაჟაიკაიტეს წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებში. ამ საქმეში სასამართლომ "ჯგუფის ნაწილის" ცნება განავრცო პოლიტიკურ ჯგუფებზეც. ის დაეთანხმა ლიეტუვის სასამართლოების განმარტებებს, რომლის თანახმად საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ლიტველი პარტიზანები მიჩნეული არიან "ლიტველი ერის, როგორც ეროვნული, ისე ეთნიკური ჯგუფის, მნიშვნელოვან ნაწილად".

საერთაშორისო პრაქტიკაში "ეთნიკური წმენდის" მიმართ არსებობს უფრო რადიკალური მიდგომაც, რომელსაც სრულად ვიზიარებ. ეს არის გენოციდისა და მასობრივი მკვლელობის სხვა ფორმების პროგნოზირების, პრევენციის, შეჩერების, დასჯის პრობლემებზე მომუშავე ყველაზე ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის, "ჯენოსაიდ უოტჩის" (Genocide Watch) პოზიცია. ეს ორგანიზაცია თავმჯდომარეობს და კოორდინაციას უწევს მსოფლიოს 31 ქვეყნის 100 ორგანიზაციის კოალიციას "ალიანსი გენოციდის წინააღმდეგ" (The Alliance Against Genocide).

მათ მიაჩნიათ, რომ ტერმინ "ეთნიკური წმენდას" არ გააჩნია იურიდიული სტატუსი, ხელოვნურია და წარმოადგენს გენოციდის ევფემიზმს. უფრო მეტიც "ეთნიკური წმენდის" გამოყენება ადასტურებს გენოციდის შეჩერების ნების არარსებობას, რაც შედეგად იწვევს სიკვდილიანობის უდიდეს ზრდას, აუფასურებს გენოციდის საშინელ სისასტიკეებს, ძირს უთხრის მისი საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარების ვალდებულებას და პრევენციას. ამდენად ის საერთოდ ამოღებულ უნდა იქნეს ხმარებიდან მედიის, ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატების, იურიდიული პირებისა და უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

სანამ დავიწყებდით კამპანიას "ბუჩამდე იყო აფხაზეთი", ორგანიზატორებს გვქონდა შიდა დისკუსიები ყველაფერი ამის თაობაზე და ზემოთ მითითებულიდან და აგრეთვე ჩვენს ხელთ არსებული ფაქტებიდან გამომდინარე, მყარად შევთანხმდით იმაზე, რომ რუსეთის მიერ მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაული არის გენოციდი. უნდა ითქვას, რომ ერთგვარი სამეცნიერო კვლევაც კი ჩატარდა ამ საკითხზე. ამასთან, არსებობს საქართველოს სახელმწიფო კომისიის დასკვნა (14.04.1997), აგრეთვე, საქართველოს პროკურატურის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დასკვნა "აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართული მოსახლეობის გენოციდის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ გარემოებათა შესახებ" (1999) და რაც მთავარია, საქართველოს პროკურატურაში ინახება 250-ტომიანი საქმე აფხაზეთში ქართველების გენოციდის ფაქტზე. დაკითხულია 25 ათასზე მეტი მოწმე, დადგენილია 20-ზე მეტი ორგანიზატორი, 800-ზე მეტი უშუალო შემსრულებელი. გამოძიების ხელთ არსებული არასრული მონაცემებით, გენოციდის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე მოკლულია 5738 ქართველი. აქედან: გაგრის ზონაში - 483, სოხუმის რაიონში - 238, ქ. სოხუმში - 1148, გულრიფშის რაიონში - 1232, ოჩამჩირის რაიონში - 851, გალის რაიონში - 1553, გუდაუთის რაიონში - 147, ქ. ტყვარჩელში - 20.

(გამოძიება მიმდინარეობდა 1993-1999 წლებში. საქმე დღეისთვის მაუდქვეშაა ამოდებული და შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ ტყვეობაშია. მსხვერპლთა სიაც მეტად არასრული და არასრულყოფილია, რასაც პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ჩვენს ფაქტების დოკუმენტირების ჯგუფის მუშაობაში).

აფხაზეთში ჩადენილი დანაშაული სრულად შეესაბამება კონვენციას გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ:

"მუხლი II

წინამდებარე კონვენციაში გენოციდი ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით:

(a) ჯგუფის წევრთა მკვლელობა;

(b) ჯგუფის წევრთათვის სხეულის მძიმე დაზიანების ან ფსიქიკური მოშლილობის მიყენება;

(c) ჯგუფისათვის განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რაც მიზნად ისახავს მის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას..."

ამრიგად, ნორმატიულ-სამართლებრივად გენოციდთან გვაქვს საქმე, პოლიტიკურ-სამართლებრივად (დეკლარატიულად) საქართველოს ნორმატიულ აქტებში არის გენოციდი/ეთნიკური წმენდა, რომელშიც გენოციდს ძალიან მყარი ადგილი უკავია, ხოლო ეუთოს სამიტების გადაწყვეტილებებში - ეთნიკური წმენდა და სახელდაურქმეველი ქართული მოსახლეობის ფიზიკური განადგურება და ძალადობით განდევნა აფხაზეთიდან, დემოგრაფიული სიტუაციის ხელოვნურად შეცვლა, რაც სრულად შეესაბამება გენოციდის დანაშაულს. ამდენად, რუსეთის მიერ ჩადენილი საშინელი საკაცობრიო დანაშაულის მიმართ "ეთნიკური წმენდის" გამოყენება არასრულყოფილად, არასწორად ასახავს საქმის ვითარებას, აბუნდოვანებს, არბილებს მომხდარის კვალიფიკაციას და არარელევანტურია. ყოველმხრივ სწორი და გამართული იქნება ,"ეთნიკური წმენდის" ნაცვლად გამოვიყენოთ ტერმინი "გენოციდი", ხოლო ვისაც არ ემეტება ძველი ტერმინოლოგია, "გენოციდი/ეთნიკური წმენდა" უფრო მართებულია, ვიდრე მხოლოდ, "ეთნიკური წმენდა" და რაც მთავარია, ყოველთვის უნდა მივუთითოთ მის ავტორზე - რუსეთის ფედერაციაზე". - წერს მალხაზ პატარაია.


თუ გსურთ, ჩაერთოდ გენოციდის აღიარების კამპანიაში ხელი მოაწერეთ პეტიციას

რუსული გენოციდის ხელწერის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ტაბულას სტატიას:

დაზარალებულთა ტრაგედიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიები:

აფხაზეთში ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია: 

კომენტარები