ევროკავშირი

ევროკავშირის ელჩებმა მიგრაციის რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

Reuters

ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებმა მიგრაციის პოლიტიკის რეფორმების შესახებ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საფუძვლად დაედება წევრ ქვეყნებსა და ევროპარლამენტს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს.

შეთანხმების შესახებ განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც იტალიამ და გერმანიამ ხმელთაშუა ზღვის სამაშველო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით უთანხმოება, სავარაუდოდ, გადაჭრეს. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნები საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვას ცდილობენ, რათა თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაკადის შემთხვევაში ერთობლივი მოქმედება უზრუნველყონ. 

შეთანხმება მიზნად ისახავს სხვა ქვეყნებში გადანაწილების გზით ზეწოლის შემსუბუქებას ქვეყნებზე, რომლებიც იღებენ მიგრანტების მნიშვნელოვან ნაკადს. მაგალითისთვის, ასეთი ქვეყნებია იტალია და საბერძნეთი.

განხორციელების შემთხვევაში, შეთანხმება მოითხოვს იმ ქვეყნებისგან, რომლებიც უარს იტყვიან თავშესაფრის მაძიებლების მიღებაზე, გადაუხადონ იმ ქვეყნებს, რომლებიც მათ მიიღებენ.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური მთავრობა 6 ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან ე.წ. მიგრაციული პარტნიორობის შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს, რაც სხვა საკითხებთან ერთად, გერმანიიდან არალეგალი მიგრანტების სამშობლოში სწრაფ დაბრუნებას ითვალისწინებს. 

DW გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოსა და მოლდოვას განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭებათ, რადგან მათგან, ვისაც გერმანიამ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა, 10%-ზე მეტი სწორედ მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეები არიან.

DW ასევე წერს, რომ 2023 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებისგან გერმანიაში 7 405 განცხადება შევიდა, მოლდოვიდან კი - 2 124. როგორც გერმანული გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს როგორც საქართველოს, ისე მოლდოვის მთავრობებმა.

კომენტარები