პრეზიდენტის იმპიჩმენტი

საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა თავად გაავრცელა.

"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს" - დაწერა პრეზიდენტმა.

მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, თამარ ჩუგოშვილი კი - საიას ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი.

ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მის წინააღმდეგ სარჩელის არსებით განხილვას, თუმცა, მან ბელგიის მეფეს ღონისძიებაზე ჩასვლის უარის ერთერთ მიზეზად სწორედ წარდგინების განხილვა დაუსახელა.

განხილვა დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ზეპირი მოსმენით გაიმართება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დაწერა, " წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით".

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩემენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუვიის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.                              

კომენტარები