ნიდერლანდები

როტერდამში შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის, 14 წლის მოზარდი მოკლა

EPA

ნიდერლანდების პოლიციამ როტერდამში დააკავა შეიარაღებული პირი, რომელმაც, სულ მცირე, სამი ადამიანი მოკლა.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, 32 წლის თავდამსხმელმა, რომელიც ერასმუსის უნივერსიტეტის სტუდენტია, ჯერ საცხოვრებელ სახლში, შემდეგ კი საუნივერსიტეტო კლინიკაში გახსნა ცეცხლი. 

სროლის შედეგად 39 წლის ქალი და მისი 14 წლის ქალიშვილი დაიღუპნენ, ხოლო 43 წლის ლექტორის სიცოცხლე კლინიკაში სროლას ემსხვერპლა.

"პირველად სროლის ხმა მეოთხე სართულზე გაისმა. დაახლოებით ოთხი ან ხუთი გასროლა იყო. შემდეგ კი სასწავლო ცენტრში მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს". - თქვა სამედიცინოს ფაკულტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ "ახლა მისი ფიქრები მხოლოდ დაღუპულებთან, მათ ახლობლებთან და ყველა იმ ადამიანთანაა, ვისაც შიშის გადატანა მოუწია". 

პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, დაკავებული ორი წლით ადრე ცხოველთა სასტიკი მოპყრობისთვის იყო ნასამართლევი.

კომენტარები