ევროპული საქართველო

დონაძე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი

დონაძე

ევროპული საქართველოს წევრმა, ბესიკ დონაძემ ბრიფინგზე საწვავის გაძვირების საკითხზე ისაუბრა. დონაძის თქმით, საწვავის ფასები საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა და მისი გაძვირება ყველაფერზე ფასების ზრდას იწვევს.

ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც დონაძის თქმით, მყისიერად გამოიწვევს საწვავის ფასის 40 თეთრით კლებას.

"აღნიშნული მცირედით შეუმსუბუქებს მოსახლეობას გაძვირებულ ცხოვრებას და უფრო მეტი თანხა დარჩება მოქალაქეების ჯიბეში". – ამბობს დონაძე.

18 აგვისტოს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავის ფასზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო ხუთი კომპანია დააჯარიმა - ჯამში 4 მილიონ ლარამდე. სააგენტომ შესაბამისი მოკვლევა დაასრულა, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალ ფასებს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დადასტურდა - ლუკოილ-ჯორჯიას, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას, სან პეტროლიუმ ჯორჯიას, სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის და რომპეტროლ საქართველოს მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.

კომენტარები