მალი

მალის ხუნტამ საპრეზიდენტო არჩევნები "ტექნიკური მიზეზების" გამო გადადო

მალის სამხედრო მთავრობის ლიდერი, ასიმი გოიტა
Francis Kokoroko/Reuters

მალის ხუნტის გადაწყვეტილებით, თებერვალში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მიზნად ხელისუფლებაში სამოქალაქო ლიდერების დაბრუნებას ისახავდა, გადაიდება.

როგორც 25 სექტემბერს ხუნტის სპიკერმა, აბდულაე მაიგიმ ჟურნალისტებს უთხრა, არჩევნები გადაიდო ტექნიკური მიზეზების გამო, რაც მიმდინარე წელს ახალი კონსტიტუციის მიღებასა და საარჩევნო სიების შედგენასთანაა დაკავშირებული. 

თავის მხრივ, საარჩევნო სიების შედგენის გაჭიანურების  მიზეზად მთავრობა ფრანგულ კომპანია Idemia-სთან დავას ასახელებს, რომელიც მათი მითითებით, მოსახლეობის აღრიცხვის პროცესშია ჩართული.

მაიგის თქმით, არჩევნები, რომელიც 4 და 18 თებერვალს იყო დანიშნული, "მცირედით" გადაიდება. 

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური საზოგადოების, ECOWAS-ის ზეწოლის გამო მალის სამხედრო ლიდერები იძულებულები გახდნენ, არჩევნები ჩაეტარებინათ. დაანონსებული არჩევნების გამო რეგიონულმა ბლოკმა 2022 წლის ივლისში მალიზე დაწესებული სავაჭრო და ფინანსური სანქციები გააუქმა.

აღნიშნული სანქციები რამდენიმე თვით ადრე, 2022 წლის იანვარში დაწესდა, როდესაც სამხედრო მთავრობა ხელისუფლებაში ხუთ წლამდე დარჩენას განიხილავდა.

მიმდინარე წლის 18 ივნისს მალის მოსახლეობამ ასევე დაგვიანებით ჩატარებული რეფერენდუმის საშუალებით ხმა მისცა ახალი კონსტიტუციის მიღებას, რომელიც ოპონენტების თქმით, სახელმწიფოს მეთაურს უფრო ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს. მთავრობის თქმით, ახალი კონსტიტუცია სამოქალაქო მმართველობის დაბრუნებას შეუწყობდა ხელს.


2020 წლის აგვისტოში მალის არმიის პოლკოვნიკმა, ასიმი გოიტამ თავი სამხედრო ხუნტის ლიდერად გამოაცხადა. მას მხარი ქვეყნის ოპოზიციამ დაუჭირა. გოიტამ თქვა, რომ ხალხის ხსნის ეროვნული კომიტეტის ლიდერია და ძალაუფლება მათ გადაიბარეს.

ამ პერიოდში მალის ოპოზიციურ კოალიციაში თქმით, სამხედრო ხუნტამ პირობა დადო, რომ გარდამავალი პერიოდის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფს და მათთან ერთად ამაზე იმუშავებენ. გადატრიალების ლიდერი სამხედროები პირობას დებენ, რომ არჩევნებს "გონივრულ ვადაში" ჩაატარებენ.

გასულ თვეებში ნიგერში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ საჰელის რეგიონის ამჟამად სამხედრო რეჟიმების მიერ მართულ ქვეყნებს, მალის, ნიგერსა და ბურკინა-ფასოს და ECOWAS-ს შორის განხეთქილება გაზარდა. განიხილებოდა ECOWAS-ის ნიგერში ინტერვენციაც. აგვისტოში მალი და ბურკინა-ფასო პირობას დებდნენ, რომ ნიგერს დაეხმარებოდნენ, თუ მას თავს დაესხმებოდნენ.

კომენტარები