საჰელის რეგიონი

მალიმ, ნიგერმა და ბურკინა-ფასომ საჰელის უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმეს

მალის ლიდერი, ასიმი გოიტა ხელს აწერს შეთანხმებას

მალიმ, ნიგერმა და ბურკინა-ფასომ, საჰელის რეგიონის სამმა ქვეყანამ, რომელსაც სამხედრო რეჟიმები მართავენ, 16 სექტემბერს გააფორმეს უსაფრთხოების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან, თუ რომელიმე ქვეყანაში წამოიწყება აჯანყება ან შეექმნება საგარეო საფრთხე.

სამივე ქვეყანა ცდილობს შეაკავოს ალ-კაიდასთან და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ისლამისტების აჯანყებები და ამას გარდა, მათ სამხედრო გადატრიალებების გამო მეზობლებთან გაუარესებული ურთიერთობა აქვთ. 

გასულ თვეებში ნიგერში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ ამ სამ ქვეყანასა და რეგიონალურ ბლოკს, ECOWAS-ს (დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური საზოგადოება) შორის განხეთქილება გაზარდა. განიხილებოდა ECOWAS-ის ნიგერში ინტერვენციაც. აგვისტოში მალი და ბურკინა-ფასო პირობას დებდნენ, რომ ნიგერს დაეხმარებოდნენ, თუ მას თავს დაესხმებოდნენ.

"ნებისმიერი თავდასხმა სუვერენიტეტსა დატერიტორიულ მთლიანობაზე, ერთი ან მეტი ხელმომწერი მხარის მიმართ, ჩათვლილი იქნება სხვა [ხელმომწერი] მხარეების მიმართ აგრესიად". – ნათქვამია 16 სექტემბერს გაფორმებულ პაქტში, რომლის სახელიცაა საჰელის ქვეყნების ალიანსი.

სამხედრო გადატრიალებების შემდეგ, ურთიერთობა გაუარესდა ამ სამ სახელმწიფოსა და საფრანგეთს შორის. ამ უკანასკნელს აქ ჯერ კიდევ ჰქონდა გარკვეული გავლენები. პარიზს მოუწია ჯარები გამოეყვანა მალიდან და ბურკინა-ფასოდან, ახლა კი რთულ ვითარებაშია ნიგერის ხუნტასთან, მას შემდეგ, რაც მათ ფრანგული არმიისა და ელჩის ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვეს. პარიზი სამხედროთა ძალაუფლებას არ აღიარებს.

კომენტარები