საქართველო-რუსეთი

რუსეთში აცხადებენ, რომ თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება

APM Terminals

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტის ვლადიმირ პადალკოს თქმით, თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება.

"ვისაუბრეთ თურქეთი-საქართველო-რუსეთის საბორნე მომსახურებაზე. ახლა 150 მანქანასა და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს არ გადაჭრის პრობლემას (საქართველოსთან ლოგისტიკის შესახებ), მაგრამ მაინც დამატებითია". - აღნიშნა პადალკომ.

მისივე თქმით, რუსულ-ქართული ბიზნესის საბჭოს შეხვედრაზე რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხიც განიხილეს.

"თუ სარკინიგზო მიმოსვლას აღვადგენთ, როგორ გაივლის ახალი მარშრუტით, რომელსაც ინგუშეთი გვთავაზობს? ან აფხაზეთის გავლით ძველ მარშრუტს აღვადგენთ, რაც გარღვევა იქნება". - აღნიშნა პადალკომ.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთიდან საქართველოში და უკან მიმავალი მგზავრებისთვის ბილეთების ფასების შემცირების მიზნით ავიაკომპანიებს მიმართვა გაუგზავნეს.  

19 სექტემბერს ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული ბიზნესის საბჭოს სხდომაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით გზის გახსნის შესახებ მოსაზრება გამოითქვა

"ზემო ლარსის" გავლით არსებული გზა არის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც რუსეთს საქართველოსთან აკავშირებს. ერევანი, მოსკოვი და სოხუმი პერიოდულად საუბრობენ ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების გახსნის შესახებ.

კომენტარები