ოთარ ფარცხალაძე

NGO-ები: საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, ისინი შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან გაიგო და არა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან.

"რთულად დასაჯერებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამსახურებს ამის შესახებ ცნობები არ ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ სანქცირების შესახებ ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება ჯერ არ მოუხდენია, რაც, სავარაუდოდ, ფარცხალაძის გავლენებს უკავშირდება". - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სუს-ი თავის მოვალეობას ჯეროვნად არ ასრულებს.

"მმართველ პარტიასა და მისი დამფუძნებლის უახლოეს გარემოცვაში რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ჩანერგვა ადვილად ხდება". - ნათქვამია NGO-ების განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გამოიყენოს ყველა საკონტროლო მექანიზმი. განცხადებაში ასევე წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი და სუს-მა საზოგადოებას უნდა განუმარტოს, რა კეთდება მათი მხრიდან ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების გავლენების შესამცირებლად. 

"დღეს, როგორც არასოდეს, აშკარაა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები არაეფექტიანი არიან ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში და საჭიროებენ სერიოზულ რეფორმირებას, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვას". - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო        
  • საზოგადოება და ბანკები
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • საფარი
  • უფლებები საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • დემოკრატიის მცველები
  • სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (weg) 
  • მედიის განვითარების ფონდი

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ს უწყება აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია და იგი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობდა.

კომენტარები