16 სექტემბერს კიევში, ილინსკის მოედანზე თბილისში დაბადებული ქართველ-უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტის, Українська правда-ს დამფუძნებლის, გიორგი ღონღაძის ხსოვნის პატივსაცემად აქცია გაიმართა.
დემონსტრანტებმა, ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში ღონღაძის წვლილი გაიხსენეს და ომის დაწყების შემდეგ რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული უკრაინელი და სხვა ეროვნების ჟურნალისტების ხსოვნას პატივი მიაგეს.
23 წლის წინ, 2000 წლის 16-17 სექტემბრის ღამეს გიორგი ღონღაძე კიევის ცენტრში სამართალდამცველებმა გაიტაცეს და სასტიკი მეთოდებით მოკლეს. მისი უთავო ცხედარი დედაქალაქთან ახლოს მდებარე ტყეში თვეების შემდეგ იპოვეს.
მკვლელობის შემდეგ მალევე გამოქვეყნდა საიდუმლო ჩანაწერები, რომელშიც მაშინდელი პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა გიორგი ღონღაძის მოშორების გზებზე საუბრობდა.
ჟურნალისტი სწორედ კუჩმას მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსი იყო და არაერთხელ ამხილა მისი მთავრობა კორუფციაში.
უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს არ უარუყვია, რომ ჩანაწერებში ხმა მართლაც მას ეკუთვნოდა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ჩანაწერის შინაარსი შეცვლილი იყო იმგვარად, რომ მისი ბრალეულობა დამტკიცებულიყო.
ღონღაძის საქმეს კუჩმას მთავრობის წინააღმდეგ მასიური პროტესტი მოჰყვა.





