მაჰსა ამინი

ირანში ერთი წლის წინ დაღუპული მაჰსა ამინის მამა დააკავეს

ირანის ხელისუფლებამ მაჰსა ამინის მამა დააკავა. 2022 წელს თეირანში პოლიციის პატიმრობაში მყოფი მაჰსა ამინის სიკვდილს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ინფორმაციით, 16 სექტემბერს მაჰსა ამინის მამა საკუთარი სახლის წინ დააკავეს და დაკითხვისთვის დაზვერვის სამინისტროში გადაიყვანეს. 

მაჰსა ამინის მამას უთხრეს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. ამასთანავე, უშიშროების ძალებმა მათ სახლს ალყა შემოარტყეს და გადაკეტეს ქუჩა, რომ თავიდან აიცილონ საჯარო გამოსვლები. 

მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ირანის უსაფრთხოების ძალებმა მისი ბიძაც დააპატიმრეს

ირანში მაჰსა ამინის დაღუპვიდან ერთი წლის თავზე საპროტესტო აქციები იმართება - ამის გამო კი ირანის ბევრ ქალაქში გაძლიერებულია უშიშროების ზომები.  


საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობით დაიწყო, რომელიც "მორალის პოლიციამ" მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა.

პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს. საპროტესტო აქციაზე გამოსული ქალები თავიანთ ჰიჯაბებს იხსნიდნენ და ანადგურებდნენ, თმას საჯაროდ იჭრიდნენ და "თავისუფლების ცეკვას" ასრულებდნენ.  

კომენტარები