ოთარ ფარცხალაძე

ბოკერია ფარცხალაძის დასანქცირებაზე: ხელისუფლების რუსეთთან კავშირების განხილვა განაჩენია

პროცესი არის ძალიან ჯანსაღი, თავისუფალი სამყარო, შეერთებული შტატები ყველგან მსოფლიოში იმ სტრუქტურებს და ადამიანებს ავიწროებს, ვინც პუტინის ბოროტების იმპერიას ემსახურება.

ჩვენი პოლიტიკური უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანთა რიგში არის ხალხი, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენს, პერსონალურად და პირადად დაკავშირებულია ივანიშვილთან, უბრალოდ მაღალი თანამდებობა კი არ ეკავა წარსულში – ახლაც ამ სისტემის საკვანძო ნაწილია და ამას არც მალავენ.

ეს ნიშნავს, რომ ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლის გარეშე ჩვენ ისტორიულ ამოცანას ვერ მივაღწევთ და მეტიც, სწრაფად შეიძლება აღმოვჩნდეთ მარტო რუსეთის პირისპირ, თუ ეს ხელისუფლება არ იქნა დემოკრატიულად გამოცვლილი. დღეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენს ბატონი ფარცხალაძე და ეს რას ნიშნავს ქვეყნისთვის? ეს არის ის, რაც საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს და ეს არის მთავარი – ხელახლა და მყარად გასაკეთებელი დასკვნა ამ ამბის შემხედვარეც.

ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ან მთლიანად ხელისუფლების რუსეთთან კავშირები განიხილებოდეს, უკვე განაჩენია. ჩვენ ის კი არ გვინდა, რომ უბრალოდ დაპირისპირებული არ ვიყოთ თავისუფალ სამყაროსთან, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ისარგებლებს ამ მომენტით იმისთვის, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახადოს. ამის ნაცვლად, ჩვენ საპირისპირო პროცესში ვართ, იმ ბანაკში გვახვედრებენ, რომელსაც ჩვენი განადგურება უნდა და რომლის ბანაკში მოხვედრაც ნიშნავს მარტო დარჩენას საფრთხის წინაშე.

მნიშვნელოვანია, ხშირად გავიხსენოთ, რომ ამ რეჟიმის სიცრუით სავსე პროპაგანდა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ამ ყველაფრით ჩვენს უსაფრთხოებას ან ქვეყნის მშვიდობას იცავენ. სინამდვილეში, სწორედ მას უქმნიან საფრთხეს იმით, რომ მარტო გვტოვებენ რუსეთის პირისპირ, იმიტომ, რომ არიან თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებულები, ანუ ჩვენს მომავალთან დაპირისპირებულები.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას

კომენტარები