რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობის ქრონოლოგია

კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი 2019 წლის აპრილში ვლადივოსტოკში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ოფიციალურ მიღებაზე.

13 სექტემბერს პუტინი და კიმ ჩენ ინი რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე კოსმოდრომ ვოსტოჩნიზე შეხვდნენ. ეს ორ ლიდერს შორის გამართული მეორე შეხვედრა იყო. ქვეყნების მთავრობებს არ დაუზუსტებიათ რაზე ისაუბრეს კიმმა და პუტინმა, თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოკორეელ კოლეგას უკრაინაში ომის გასაგრძელებლად საჭირო შეიარაღებას სთხოვს.

ამ თხოვნით მოსკოვი და ფხენიანი როლებს ცვლიან: 1950-53 წლებში მიმდინარე კორეის ომის დროს საბჭოთა კავშირი ჩრდილოეთ კორეას შეიარაღებითა და საბრძოლო თვითმფრინავებით ამარაგებდა, რასაც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ფინანსური დახმარების გაგრძელება მოჰყვა.

მიუხედავად მათი ხშირად ურთიერთდაკავშირებული ინტერესებისა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა

1945-1948 წლები

მეორე მსოფლიო ომში დამარცხებასთან ერთად კორეის ნახევარკუნძულზე იაპონიის კოლონიური მმართველობა მთავრდება, თუმცა ქვეყანა მალე იყოფა საბჭოთა მხარდაჭერილ ჩრდილოეთად  და ამერიკის მიერ მხარდაჭერილ სამხრეთად. საბჭოთა არმია ჩრდილოეთის ხელისუფლებაში აყენებს მანჩურიასთან იაპონურ ძალებთან მებრძოლ პარტიზანთა ყოფილ ლიდერს, მომავალ დიქტატორს, კიმ ირ სენს.

1950-1953 წლები

კიმ ირ სენის ძალებს სამხრეთ კორეაზე 1950 წლის ივნისში მოულოდნელი იერიში მიაქვთ, რითიც იწყება კორეის ომი. კონფლიქტში მალევე ერთვება ახლადშექმნილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძალები, რომელსაც საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალები ეხმარებიან. გაეროს ხელმძღვანელობით სამხრეთ კორეის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ძალები შეტევის უკუგდებას ცდილობენ. 1953 წლის ზავი ბრძოლას აჩერებს და კორეის ნახევარკუნძულს ტექნიკურ საომარ მდგომარეობაში ტოვებს.

1950-იანი წლების ბოლო-1960-იანი წლები

საბჭოთა კავშირი ჩრდილოეთ კორეისთვის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების მიწოდებას აგრძელებს, თუმცა მათ ურთიერთობაში მალევე იჩენს თავს დაძაბულობა. ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის კიმი ხელმძღვანელობის პროსაბჭოთა და პროჩინური ფრაქციებისგან წმენდას იწყებს. საპასუხოდ მოსკოვი დახმარებას არ წყვეტს, თუმცა მნიშვნელოვნად ამცირებს.

1970-იანი წლები

საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის მეტოქეობის ზრდასთან ერთად, ჩრდილოეთ კორეა "თანაბარდაშორების" პოლიტიკის გატარებას იწყებს, რის საფუძველზეც ორივე მოთამაშისგან მეტი დახმარების მიღებას ცდილობს. ამასთან, ფხენიანი მოსკოვსა და პეკინზე საკუთარი დამოკიდებულების შემცირებასაც ცდილობს, თუმცა წარუმატებელი პოლიტიკისა და საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან მძიმე სესხების დაგროვების შედეგად ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ვერ წესრიგდება.

1980-იანი წლები

ხელისუფლებაში გორბაჩოვის მოსვლასთან ერთად, საბჭოთა კავშირი ჩრდილოეთ კორეისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირებას იწყებს და სამხრეთთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, რის გამოც ფხენიანი სულ უფრო მეტად იზოლირდება.

1990-იანი წლები

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკური და უსაფრთხოების მთავარ დამფინანსებელს კარგავს. პოსტსაბჭოთა რუსეთის მთავრობა პრეზიდენტ ბორის ელცინის ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კორეის დახმარების გაგრძელებისთვის დიდ ენთუზიაზმს არ იჩენს.

მოსკოვი სამხრეთ კორეული ინვესტიციების მოზიდვის იმედით სეულთან დიპლომატიურ კავშირებს ამყარებს და ჩრდილოეთთან საბჭოთა დროს დადებული სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას არ აახლებს.

1994 წელს კიმ ირ სენი კვდება და ჩრდილოეთ კორეაში შიმშილობა იწყება, რის შედეგადაც ასობით ათასი ადამიანი იღუპება.

ადრეული 2000-იანები

პუტინი 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აქტიურად ცდილობს ჩრდილოეთ კორეასთან კავშირების აღდგენას. იმავე წლის ივლისში პუტინი კიმის დინასტიის მომდევნო წარმომადგენელთან, კიმ ჩენ ირთან შესახვედრად ფხენიანში ჩადის. ისინი აშშ-ს სარაკეტო თავდაცვის გეგმას ერთობლივად აკრიტიკებენ. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი მოსკოვსა და დასავლეთს შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებების ზრდასთან ერთად აღიქმება განაცხადად, რომ რუსეთი თავისი გავლენების სფეროების აღდგენას შეეცდება.

2001 და 2002 წლებში პუტინთან შესახვედრად კიმ ჩენ ირი რუსეთში ორჯერ ჩადის.

2000-იანების მოგვიანო პერიოდი

ფხენიანთან ურთიერთობების დათბობის მიუხედავად, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის ახლადშექმნილი ბირთვული იარაღისა და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს ორჯერ უჭერს მხარს. ამასთან, რუსეთი მონაწილეობს მოლაპარაკებებში, რომელიც უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გარანტიების სანაცვლოდ ბირთვული პროგრამების მიტოვებაზე ჩრდილოეთ კორეის დარწმუნებას ისახავს მიზნად. 2008 წელს მოლაპარაკებები, რომელშიც აშშ, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონიაც მონაწილეობდნენ, იშლება.

2011-2012 წლები

2011 წლის აგვისტოში, რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე თვეში კიმ ჩენ ირი კვდება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მისი სვილი, კიმ ჩენ ინი ხდება. 2012 წელს რუსეთი დათანხმდა ფხენიანის დაახლოებით $11 მილიონიანი ვალის 90%-ის ჩამოწერას.

2016-2017 წლები

კიმი ბირთვული და სარაკეტო ტესტების ტემპს აჩქარებს. რუსეთი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უშიშროების საბჭოს მკაცრს სანქციებს უჭერს მხარს.

2018-2019 წლები

კიმ ჩენ ინი ვაშინგტონთან და სეულთან დიპლომატიური გზებით ფხენიანის ბირთვული პროგრამის ეკონომიკური სარგებლისთვის გამოყენებას ცდილობს. ის ასევე კავშირების გაუმჯობესებას ტრადიციულ პარტნიორებთან, რუსეთთან და ჩინეთთანაც აგრძელებს. ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული მეორე შეხვედრის შემდეგ, რომელიც აშშ-ს ლიდერობით ფხენიანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ისახავდა მიზნად, კიმ ჩენ ინი რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში მიემგზავრება. 2019 წლის აპრილში კიმისა და პუტინის პირველი შეხვედრა იმართება. ლიდერები პირობას დებენ, რომ თანამშრომლობას გააფართოებენ.

2022 წელი

ფხენიანი უკრაინის ომის დაწყებაში აშშ-ს ადანაშაულებს და რუსეთსა და სირიას უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონების "დამოუკიდებლობის" აღიარებაში უერთდება. რუსეთი და ჩინეთი ბლოკავენ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ ინიცირებულ გამკაცრებულ სანქციებს.

2023 წლის 12 სექტემბერი

კიმ ჩენ ინი რუსეთში პირადი ბრონირებული მატარებლით ჩადის.

კომენტარები