ბოკერია ჩინეთთან უვიზო რეჟიმზე: ეს არა ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური განაცხადია

გვახსოვს წულუკიანის შავრაზმული განცხადებები ზოგადად უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო შემოღებული მდიდარი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ. კერძოდ, ჩინეთზეც, მისი ყველაზე წარმატებული და მდიდარი, ჰონგ კონგში მცხოვრები მოქალაქეების, ან ჩინეთის იმ მოქალაქეების მიმართ, ვისაც უკვე ჰქონდა აშშ-ის ან ევროკავშირის ვიზა. ამ ყველაფერს თავს ესხმოდნენ შავრაზმული პოზიციებიდან. ახლა მთელი ჩინეთის მოქალაქეებისთვის აპირებენ უვიზო მიმოსვლის დაშვებას. ეს არის აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადი და არა ეკონომიკური. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც საქართველო უნდა იღწვოდეს, რომ NATO-ს წევრი და თავისუფალი სამყაროს წევრი გახდეს, რათა დაცული იყოს რუსეთის აგრესიისგან, ამის ნაცვლად, ასეთი სახით განაცხადის გაკეთება რუსეთის მოკავშირე ჩინეთის მიმართ არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი.

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ განკარგულებას ხელს სწორედ დღეს მოაწერს.

კომენტარები