აზია

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ჩრდ. კორეა არ უნდა იყოს დაბრკოლება ჩინეთთან ურთიერთობაში

ჩინეთის პრემიერმინისტრმა, ლი ციანგმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე ბირთვული საფრთხე იყო. 

პრეზიდენტმა იუნმა ლის განუმარტა, რომ სამხრეთ კორეას, იაპონიასა და აშშ-ს შორის ჩატარებული სამხედრო წვრთნები აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ემსახურება აღნიშნული ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდას და ჩრდილოეთ კორეის მიერ გახშირებული აგრესიული პოლიტიკის შედეგად სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. 

იუნმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი პირნათლად შეასრულებს მის როლს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პრობლემის მოგვარებაში და რომ ეს საკითხი არ იქცევა სამხრეთ კორეასა და ჩინეთს შორის ურთიერთობის დაბრკოლებად.

 18 აგვისტოს მერილენდში, კემპ დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში აშშ-ს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი შედგა. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე დაწყებული ვაჭრობიდან დამთავრებული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხებით, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხე და ჩინეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოწვევები. 

სამიტის შემდეგ, მხარეებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუსთან მახლობლად სამხედრო საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

ჩინეთმა გააკრიტიკა კემპ დევიდის ისტორიული სამიტი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვან ვენბინმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოები არ უნდა ცდილობდნენ საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას სხვა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისა და რეგიონალური სტაბილურობის ხარჯზე. 

ამავდროულად, სამხრეთ კორეისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან სტაბილური ურთიერთობა გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი სამხრეთ კორეის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან ერთად, ჩინეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო ალიანსი აქვს გაფორმებული და ვაჭრობის 90%-ს ჩინეთთან აწარმოებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი 2006 წლიდან 2022 წლამდე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ ყველა რეზოლუციასა და სანქციების პაკეტს უერთდება, ის მაინც ინარჩუნებს ჩრდილოეთ კორეასთან მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობას და წლების მანძილზე ხელს უწყობს ჩრდილოეთ კორეას სანქციებიგან თავის არიდებაში. 

კომენტარები