ილონ მასკი

მასკმა რუსეთის ფლოტზე უკრაინის იერიშის შესაჩერებლად სტარლინკი გამორთო – ბიოგრაფიული წიგნი

ცნობილი ბიოგრაფიული წიგნების, სტივ ჯობსი და აინშტაინი: სიცოცხლე და სამყარო-ს ავტორმა, უოლტერ ისააკსონმა წიგნი ამჯერად მულტიმილიარდერ ილონ მასკის ბიოგრაფიაზე დაწერა.

წიგნის ერთ-ერთ მონაკვეთში ისააკსონი წერს, რომ მასკმა Starlink-ის ინჟინრებს დაავალა ყირიმის სანაპიროს მახლობლად კომპანიის სატელიტური კომუნიკაციის ხაზების გამორთვა, რათა შეეჩერებინა უკრაინული ძალების იერიში რუსეთის სამხედრო ფლოტზე. 

ისააკსონის მიხედვით, მაშინ, როდესაც უკრაინული წყალქვეშა გემის ასაფეთქებლებით აღჭურვილი დრონები რუსულ ფლოტს მიუახლოვდნენ, მათ "დაკარგეს კონტაქტი და უვნებლად გამოირიყნენ სანაპიროზე". 

ავტორი აღწერს, რომ მასკის ქმედება განპირობებული იყო შიშით, რომ უკრაინის მიერ რუსულ ფლოტზე თავდასხმას მოჰყვებოდა რუსეთის მხრიდან ყირიმში ბირთვული იარაღის გამოყენება. 

2022 წელს, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის წინ უკრაინას შეუწყდა კომუნიკაციის სისტემა, ილონ მასკმა უკრაინას მისცა სტარლინკის სატელიტური ტერმინალების გამოყენების საშუალება, რამაც ხელი შეუწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების განხორციელებას. 

თუმცა, ავტორის მიხედვით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ სტარლინკის გამოყენება დაიწყო თავდასხმით ოპერაციებისთვის, მასკმა გადააფასა საკუთარი გადაწყვეტილება.

2022 წლის 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უფასოდ აღარ მიაწვდის. 

CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პენტაგონს წერილი მისწერა,  რომლის მიხედვით, კომპანიას აღარ შეუძლია Starlink-ის სერვისის დაფინანსება და იმ შემთხვევაში, თუ პენტაგონს სურს უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის სერვისის უფასოდ მიწოდება, მათ უნდა ის თვითონ უნდა დააფინანსონ, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე $120 მილიონზე მეტი ღირს, ხოლო შემდეგი 12 თვისთვის დაახლოებით $400 მილიონი. 

Starlink-ის გათიშვის შესახებ უკრაინელი სამხედროებიც საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ეს მათ წინსვლას აფერხებდა. 

უკვე 2023 წლის თებერვალში, SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა თქვა, რომ კომპანიამ მიიღო ზომები უკრაინული სამხედროების მიერ დრონების სამართავად კომპანიის სატელიტური ინტერნეტ სერვისის Starlink-ის გამოყენების შესაზღუდად.

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის დანიშნულება, რომელიც უკრაინის სამხედროებს რუსეთის არმიისგან თავის დასაცავად კომუნიკაციაში ეხმარებოდა, შოტველის თქმით, არასდროს გულისხმობდა შეტევითი მიზნებისთვის მის ინსტრუმენტალიზაციას. 

კომენტარები