უკრაინაში, ქალაქ დნეპრში პოლიციელებთან ფიზიკური დაპირისპირებისას, ერთ-ერთი პოლიციელის მიერ გასროლილი ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად დაიღუპა ეთნიკურად ქართველი მამაკაცი, ჯუმბერ სილოგავა.
Telegram-ზე ვრცელდება პოლიციელის კამერით ჩაწერილი ვიდეო, სადაც ჩანს სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება სილიგავასა და პოლიციის ორ ოფიცერს შორის, რასაც შემდგომ გასროლა და მამაკაცის სიკვდილი მოჰყვა.
ჯუმბერ სილოგავა პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევის გამო გააჩერა და საბუთების წარდგენა მოსთხოვა. სილიგავა სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და მათ მიმართ აგრესიას გამოხატავდა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დიდი ალბათობით არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დაკავების მცდელობისას სილოგავამ პოლიციელებზე ფიზიკურად იძალადა და გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ოფიცრისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევა სცადა, რა დროსაც პოლიციელმა მას რამდენჯერმე ესროლა. მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
ინციდენტთან დაკავშირებით გამოძება უკვე დაწყებულია და ორივე პოლიციელი დააკავეს უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით.
ჯუმბერ სილოგავა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში რეგისტრირებული კერძო მეწარმეა. ის ძირითადად დაკავებული იყო დამკრძალავი ბიუროს სერვისების გაწევით, რისთვისაც მან არაერთხელ მოიგო სახელმწიფო ტენდერი. 2022 წელს, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სილიგავამ მიიღო 499.5 ათასი უკრაინული გრივნი, ხოლო 2023 წელს 106.7 ათასი.
მის მფლობელობაში იყო ოთხი საცხოვრებელი სახლი, ბინა და ოთხი ნაკვეთი. ჰყავს ორი შვილი ყოფილ ცოლთან ერთად, რომელსაც 2022 წელს დაშორდა.