კახეთი

ენმ მოსავლის გარეშე დარჩენილებისთვის რთველის სუბსიდიის გადანაწილების ინიციატივით გამოდის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსავლის გარეშე დარჩენილი გლეხებისთვის სახელმწიფოს მიერ რთველის სუბსიდიისთვის გამოყოფილი თანხის გადანაწილების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ენმ-ს დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა.

"კახეთში წელს მინიმუმ 50% ოჯახებისა რთველს ვერ ჩაატარებს. განადგურებულია მთლიანად მოსავალი, რაც განაპირობა უხვმა ნალექმა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ვერ იქნება არგუმენტი, რატომ არ ჰქონდა გლეხს დაზღვეული ვენახი. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირობები არ არის შეტანილი სადაზღვევო საქმიანობაში. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, ის თანხა, რომელიც გამოყოფილია სუბსიდირებისთვის, ანუ 50 მილიონი ლარი, მოხმარდეს დაზარალებულ მოსახლეობას". - თქვა გიორგი ბოტკოველმა ენმ-ს ბრიფინგზე.

ენმ-ს ინიციატივა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შეგროვებული წინა წლის მონაცემების საფუძველზე წელს მოსავლის გარეშე დარჩენილი გლეხების კომპენსაციას გულისხმობს, კერძოდ, შარშან ჩაბარებული ყურძნის თითოეულ კილოგრამზე დაზარალებულმა ოჯახებმა სუბსიდიისთვის გამოყოფილი თანხიდან 20 თეთრი უნდა მიიღონ.

"გაქვთ ინფორმაცია, გასულ წელს კონკრეტული ოჯახების მხრიდან რა რაოდენობის ყურძნის ჩაბარება მოხდა ამა თუ იმ ქარხანაში, რა რაოდენობის სუბსიდია მიიღო კონკრეტულმა გლეხმა. ამიტომ იმ ადამიანებს, ვინც წელს საერთოდ ვერ მიიღებენ მოსავალს და რჩებიან ყოველგვარი შემოსავლის და წლის განმავლობაში ლუკმა-პურის გარეშე, შარშანდელი რეესტრების მიხედვით უნდა დაურიგდეთ კომპენსაცია". - მიმართავს ბოტკოველი ხელისუფლებას.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, "პრიორიტეტულ ბაზრებზე" ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით წარმოებული აქტიური კამპანიის შედეგად მიღებული ექსპორტის 30%-იანი ზრდის გათვალისწინებით, მთავრობამ 2023 წლის რთველზე რქაწითელისა და კახური მწვანე ჯიშის ყურძნის 20 თეთრით სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

"გასულ წლებში, მოგეხსენებათ, სუბსიდირების ოდენობა 35 თეთრი იყო. წლევანდელი რთველის ფარგლებში, ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახეებისგან აღნიშნული ჯიშების ყურძენს ჩაიბარებს არანაკლებ 90 თეთრად, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით. შესაბამისი განკარგულება მომზადდება უახლოეს დღეებში და მთავრობას წარედგინება". – თქვა ოთარ შამუგიამ.

იმისთვის, რომ 2022 წელს 1 კილოგრამი ყურძნის მინიმალური ფასი 90 თეთრი ყოფილიყო, რთველის სუბსიდირებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მილიონი ლარი გამოიყო. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ჩარევის აუცილებლობა პრემიერ-მინისტრმა იმით ახსნა, რომ საქართველო "მეღვინეობის აკვანია" და გადაწყვეტილება მევენახეებისთვის "სწორ დახმარებად" შეაფასა.

კომენტარები