რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი მზად არის, F-16-ებისთვის უკრაინელები აშშ-ში გაწვრთნას – უკრაინული მედია

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინელი მფრინავები F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას. ამის შესახებ ინფორმაციას Українська правда პენტაგონის სპიკერზე, ბრიგადის გენერალ პატრიკ რაიდერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს წვრთნების ჩატარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ "ევროპაში შესაძლებლობები ამოიწურება".

"ამჟამად არ მაქვს რაიმე სპეციფიკური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბაზებზე შეიძლება ჩატარდეს ეს წვრთნები, მაგრამ თუ ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, რა თქმა უნდა, აუცილებლად მოგაწვდით განახლებებს". - თქვა რაიდერმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის გაწვრთნიდა, თუ ევროპის ქვეყნები ჩამორჩებოდნენ დადგენილ გრაფიკს ან თუ მფრინავების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.

გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ბრიუსელი გადაწყვეტდა, ნაწილობრივ აენაზღაურებინა იმ წევრი ქვეყნების მიერ გაწეული ხარჯები, რომლებმაც F-16-ების მიწოდება უკრაინისთვის გადაწყვიტეს.

უკრაინელმა მფრინავებმა დანიაში F-16-ებზე ვარჯიში უკვე დაიწყეს. 19-20 აგვისტოს დანიამ და ნიდერლანდებმა გამოაცხადეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ტრენინგის დასრულების შემდეგ კიევს F-16-ებს გადასცემდნენ.

ივლისის შუა რიცხვებში 11 პარტნიორმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც ადგენს F-16-ებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების პირობებს.

კომენტარები