ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინმა დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბში თათბირი გამართა

18 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბში თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო, კრემლი და რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

კრემლმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ პუტინი დონის როსტოვში სპეცოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცების ჯგუფის შტაბ-ბინას ეწვია.

RIA Novosti-ს ვიდეოში პუტინს გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ხვდება, რომლის ექსტრადიცია ამბოხების დროს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა მოითხოვა.

პუტინმა ბოლოს ასეთი შეხვედრა დონის როსტოვში მარტში გამართა.


ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

კომენტარები