შვეიცარია-საქართველო

შვეიცარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს აღარ აღიარებს

swissgrid

შვეიცარია უერთდება ევროკომისიის მიერ 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტების არაღიარების შესახებ. ინფორმაციას შვეიცარიის ფედერალური საბჭო ავრცელებს.

16 აგვისტოს ფედერალური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინის ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ შენგენის ვიზის მიღება ან შენგენის ზონის გარე საზღვრის გადაკვეთა რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტებით.

შვეიცარია აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემულ ჩვეულებრივ თუ დიპლომატიურ პასპორტებს, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვებს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და მეზღვაურთა ვინაობის დამადასტურებელი მოწმობებს არ აღიარებს.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში, 2008 წლის 26 აგვისტოს, ანუ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები შეიზღუდება. 

"შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს". - ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.

ევროკომისიის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემის პრაქტიკაზე პასუხია. ევროკომისია აქვე ხაზს უსვამს, რუსეთის მიერ 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილების თვითნებობას. შვეიცარიის ფედერალური საბჭო ამ მოსაზრებებს იზიარებს.

კომენტარები