საქსტატი

II კვარტალში უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 57%-ით გაიზარდა – საქსტატი

georgicatravel.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის II კვარტლის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 1.7 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც 57.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. მოგზაურთა დიდი ნაწილი, 46.4%, 31-50 წლამდე ასაკისაა.

საქსტატის ინფორმაციით,  საერთაშორისო ვიზიტორების 73.5% ტურისტია, ანუ მათ საქართველოს ტერიტორიაზე ღამე გაათიეს. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 22.6% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9% როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი იყო.

2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი, 290 800-ზე მეტი ადამიანი თურქეთიდან შემოვიდა, რაც ჯამური რაოდენობის 24%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე სომხეთი - 12.4%-იანი წილით. 

ანგარიშის მიხედვით, ვიზიტორებმა საქართველოში საშუალოდ 4.8 ღამე გაატარეს, რაც 2022 წლის II კვარტლის მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 22.3%-ით ნაკლებია. ვიზიტების 73.9% განმეორებითი ხასიათისაა.

2023 წლის II კვარტალში ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 49.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. საშუალო ხარჯი 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 6.1% შემცირდა და 2 292 ლარი შეადგინა. 

კომენტარები