სტიქია რაჭაში

სტიქია შოვში – გარემოს ეროვნული სააგენტო პირველად დასკვნას აქვეყნებს

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ შედგენილი პირველადი შეფასება წარადგინეს. როგორც წარდგენამდე მინისტრმა, ოთარ შამუგიამ თქვა, პირველადი შედეგების მიხედვით, სტიქია განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო.

"3 აგვისტოს ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, პრაქტიკულად, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, შეუძლებელი იყო". - თქვა მან. 

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად შეფასებაში ვკითხულობთ, ხეობის რთული გეოლოგიური აგებულება, სეისმო-ტექტონიკური პირობები, რელიეფის მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი (მორფოლოგიური პირობები) და კლიმატური ცვლილებები ხელსაყრელ გარემოს ქმნის ხეობაში ბუნებრივი სტიქიური პროცესების ჩასახვაგააქტიურებისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2023 წლის 3 აგვისტომდე ბუბისწყლის კალაპოტში, ბოლო 100 წლის მანძილზე, მნიშვნელოვანი ხასიათის ღვარცოფული ნაკადების გავლას ადგილი არ ჰქონია.  

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ხეობაში საველე კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით ჩამოიშალა კლდეზვავური მასა, რომელიც შეეჯახა მყინვარს, ჩამოანგრია მისი გარკვეული ნაწილი, რამაც, შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.

"აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა. დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად. კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება. 

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა მდ. ბუბისწყლის პრაქტიკულად ყველა შენაკადში. ამრიგად, ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარნაკადს, მდ. ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა როგორც მდ. ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა". - წერია პირველადი შედეგების დოკუმენტში. 

გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ ბუბისწყლის ხეობაში წყალი ხანგრძლივად არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში არ შეგუბებულა. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15:15-ზე გაიშალა შოვის (ე.წ. კოტეჯების უბანი) ტერიტორიაზე - დაახლოებით, 26 ჰექტარზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვაგააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია 8-10 წუთში. 

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურებას, რელიეფის მაღალენერგეტიკულ პოტენციალთან ერთად, განაპირობებს: 

  • მკაცრი კლიმატური პირობები - ნივალურ ზონაში ტემპერატურის ამპლიტუდის მკვეთრი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული ქანების ყინვით-მექანიკური გამოფიტვისა და სოლიფლუქციური მოვლენების ინტენსიური მიმდინარეობა; 
  • გამოფიტვის გამომწვევი აგენტების მიმართ ვულკანური და დანალექი ქანების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება; 
  • ტერიტორიის გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური და სეისმური პირობები; 
  • კლდეზვავური და ეროზიულ-გრავიტაციული მოვლენების შედეგად დიდძალი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჩასახვა-განვითარება, როგორც ხეობის სათავეებში და მის კალაპოტში, ასევე მდ. ბუბისწყლის შენაკადების ბორტებზე;
  • მყინვარული ეროზია, ფლუვიოგლაციალური და მორენული წარმონაქმნების დიდი მოცულობის დანაგროვების არსებობა ხეობის სათავეებში; 
  • მყინვარული საფარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ნადნობი წყლები, უხვი ნალექის და გრუნტის წყლების მიერ, მდინარის სათავეებში და მისი შენაკადების კალაპოტებში დაგროვილი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჭარბი გაწყლოვანება; 
  • უკანასკნელ პერიოდში კლიმატის ცვლილებით (დათბობა, ატმოსფერული ნალექების რეჟიმის ცვლილებები და სხვა) გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება  

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასებით, ბუბისწყლის ხეობაში 3 აგვისტოს წარმოქმნილი კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრა დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან. მათივე განცხადებით, მსგავსი მოვლენების პროგნოზირება მსოფლიოში თითქმის შეუძლებელია.  

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნები: 

ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან; 

მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე: 1. სტიქიის განვითარებამდე, მდ. ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია (მდ. ჭანჭახზე არსებულ სადგურზე წყლის დონის კლება არ დაფიქსირებულა); 2. 2023 წლის 3 აგვისტოს, სტიქიური მოვლენის განვითარების პროცესში უშუალოდ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის მასის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია;

ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია; 

მდ. ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის.  

შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, მაშველებმა სტიქიის ზონაში 18 ცხედარი იპოვეს. დაღუპულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. ცხედრების ნაწილის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება - ვინაობის დასადგენად დნმ-ის ანალიზია საჭირო.  

კომენტარები