კახა ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი: იმედი მაქვს, ხელისუფლება ჩინეთშიც ისე არ მოგვჭრის თავს, როგორც დასავლეთში

ჩინეთი არის მსოფლიოში მესამე ეკონომიკა, ევროკავშირის ჯამური და აშშ-ს ეკონომიკის შემდეგ, ხოლო პოლიტიკური გავლენით - მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც, თავის მხრივ, გავლენა აქვს ჩვენს ოკუპანტ სახელმწიფოზე, რუსეთზე. ამიტომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბება და გაღრმავება პოზიტიურად მიმაჩნია.

მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამ დაუფიქრებლად ხელი ისეთ რამეს არ მოაწეროს, ან არ  შეპირდეს ჩინეთს, რის გაკეთებასაც მერე არ აპირებს და ვერ შეძლებს - მაგალითად, სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და საქართველოს ტერიტორიაზე ჩინეთის სამხედრო ბაზის განთავსება. ასეთი რამ უკვე ვნახეთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან და ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით. ასე პირდება ხელისუფლება ქართველ ხალხსაც, რომ ევროკავშირში შევალთ, მაგრამ არც ამას აპირებენ, რადგან ევროკავშირში ხელისუფლებები სწრაფად იცვლებიან, „ოცნება“ კი წასვლას არ გეგმავს. ამიტომ მთავარია, ჩინეთშიც „აფერისტი“ ქვეყნის იმიჯი არ ჩამოგვიყალიბდეს, როგორიც უკვე გვაქვს დასავლეთში.

დიახ, ჩვენს ქვეყანას მართავენ „აფერისტები“. ხელისუფლებამ მრავალჯერ მოატყუა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და კიდევ უფრო ბევრჯერ მოატყუა ქართველი ხალხი, რომელსაც, ივანიშვილის დაპირების მიხედვით, 2017 წელს უკვე წალკოტში უნდა ეცხოვრა, უფასო ფულით, გაზით და შუქით.

ერთი სიტყვით, იმედი მაქვს, ხელისუფლება ჩინეთშიც ისე არ მოგვჭრის თავს, როგორც დასავლეთში. 

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.     
 

კომენტარები