მოლდოვა-რუსეთი

მოლდოვა რუსეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებთან ხელშეკრულებას წყვეტს

zdg.md / Archive 

მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან პარტნიორობის ფარგლებში ორი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა. კერძოდ, მოლდოვა ხელშეკრულებას წყვეტს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო დაზვერვის სამსახურთან.

"შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით, საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა შეწყვიტა პარტნიორობის ხელშეკრულება რუსეთის ФСБ-სთან. ოფიციალური შეტყობინებები გაეგზავნა რუსეთის ხელისუფლებას. ამავდროულად, საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს დახმარებით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან გასვლა დაიწყო". - ნათქვამია განცხადებაში.

მოლდოვის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა შეწყდა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ხოლო ეს შეთანხმებები "აღარ შეესაბამება მოლდოვას ეროვნულ ან მისი უსაფრთხოების ინტერესებს". 

"ამ ხელშეკრულებების დებულებების მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებთან და ეროვნულ უსაფრთხოებასთან შეუსაბამობა არის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინიცირებული დენონსაციის პროცესის მიზეზი". - ვკითხულობთ მოლდოვის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

მოლდოვის სპეცსამსახური ხაზს უსვამს იმასაც, რომ რუსეთი ხელშეკრულებების დებულებებს იყენებდა "იმისათვის, რომ გაემართლებინა რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლების ყოფნა რეგიონში, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრის მარცხენა სანაპიროზე", აღნიშნული ხელშეკრულებების დენონსირებით კი რუსეთის ფედერაცია ამ "არგუმენტებს" ვეღარ გამოიყენებს. 

"დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახური არ ინარჩუნებს გარე პარტნიორულ ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოების მსგავს სტრუქტურებთან, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობას და მოქმედებენ ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ, ახორციელებენ დივერსიულ ქმედებებს მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ, მათ შორის, ძირს უთხრიან სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, ახდენს სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიან". - აღნიშნულია მოლდოვის სპეცსამსახურის განცხადებაში. 

კომენტარები