ვაგნერი

ვაგნერელები პოლონეთის საზღვრისკენ მოიწევენ და, შესაძლოა, შემოპარვა სცადონ – მორავიეცკი

ევგენი პრიგოჟინი ვაგნერის წევრებთან ერთად ბახმუტის გარეუბანში.
პრიგოჟინის პრესსამსახური კონკორდი

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცის თქმით, პოლონეთისა და ლიტვის საზღვრისკენ 100-ზე მეტი ვაგნერელი მოიწევს და, შესაძლოა, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთა სცადონ.

პრემიერმინისტრის თქმით, ვაგნერელების გადაადგილება საზღვრის დესტაბილიზაციის კამპანიის კიდევ ერთი მცდელობაა.

"ისინი ალბათ ბელარუსიის მესაზღვრეებად იქნებიან გადაცმული და დაეხმარებიან არალეგალურ იმიგრანტებს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლაში, პოლონეთის დესტაბილიზაციაში, მაგრამ ისინი ასევე შეეცდებიან შემოვიდნენ პოლონეთში, როგორც არალეგალური იმიგრანტები და ეს დამატებით რისკებს ქმნის." - თქვა პრემიერმინისტრმა.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაგნერელების ბელარუსიაში გადასვლის გამო უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარზე დაცვას აძლიერებს. 

"უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრებთან ახალი სამხედრო თავდასხმების პოტენციალის შესახებ საფრთხე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინის მსახედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლები მოსკოვის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გასული თვის ხანმოკლე ამბოხის შემდეგ ბელარუსიაში გადასახლდნენ, უკრაინამ და პოლონეთმა თავდაცვა გააძლიერეს." - წერს Washington Post.

 

"სიტუაცია კიდევ უფრო საშიში ხდება". - აღნიშნა მორავიეცკიმ გლივიცში ჯავშანტექნიკის ქარხანაში ვიზიტისას.

მისი განმარტებით, სავარაუდოა, რომ დაქირავებული ჯარისკაცები პოლონეთის ტერიტორიაზე ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადებიან.

100 კილომეტრის სიგრძის სუვალკის დერეფანი ქალაქებს - სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებულ ტერიტორიას აერთიანებს და ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიტვას. ამასთან, რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს ერთმანეთისგან ყოფს. 

მანამდე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთს, ლიტვას და ლატვიას შეუძლიათ ერთობლივად გადაწყვიტონ ბელარუსთან საზღვრების დაკეტვა, თუ ვაგნერის საზღვართან განლაგებულ მებრძოლებთან სერიოზული ინციდენტები მოხდება.

კომენტარები