ჩინეთი-რუსეთი

ჩინეთი და რუსეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ საჰაერო და საზღვაო წვრთნებს იწყებენ

Xinhua

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 16 ივლისს ჩინეთის საზღვაო ფლოტილა რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებთან ერთად იაპონიის ზღვაში წვრთნების გასამართად გაემგზავრა. წვრთნების მიზანი "სტრატეგიული წყლის გზების უსაფრთხოების დაცვაა". 

"ჩრდილოეთი/ინტერაცია-2023" წვრთნები ჩინეთსა და რუსეთს შორის გაძლიერებულ სამხედრო თანამშრომლობაზე მიუთითებს და გრძელდება მას შემდეგ, რაც პეკინმა აშშ-ის მოწოდება სამხედრო ურთიერთობების განახლების შესახებ უარყო.

ჩინეთის ფლოტილამ, რომელიც ხუთი ხომალდისა და ოთხი შვეულმფრენისგან შედგება, ცინგდაოს აღმოსავლეთი პორტი დატოვა და რუსულ ძალებს "წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე" შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო WeChat-ის ოფიციალურ ანგარიშზე ავრცელებს.

სამინისტრომ წვრთნები 15 ივლისს დაანონსა და აღნიშნა, რომ პეკინი რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს წვრთნებში, რომელიც იაპონიის ზღვაში გაიმართება. Global Times-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალები წვრთნებში ჩინეთთან ერთად ჩაერთვება.

კომენტარები