ჩეჩნეთი-საქართველო

ჩეჩნეთს თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნა სურს

ჩეჩნეთს თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნა სურს. ამის შესახებ ჩეჩნეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა, რამზან ჩერხიგოვმა რუსული ავიაკომპანიის, Азимут-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ედუარდ ტეპლიცკისთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"ჩვენ განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსეთის გმირის, რამზან ახმატოვიჩ კადიროვის ინსტრუქციების შესრულების ფარგლებში სამგზავრო ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გამოვყავით მგზავრების გადაყვანის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ფრენები ქალაქ სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისსა და ჯედაში." - თქვა მინისტრმა. 

მისივე თქმით, გაწერილი გეგმების განხორციელება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს რესპუბლიკის მაცხოვრებლების კომფორტს, არამედ მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე.


ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კვირაში შვიდჯერ ფრენის უფლება მისცა რუსულ ავიაკომპანია Азимут-ს, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული რეისების შესრულება 17 მაისიდან დაიწყო. 

კომენტარები