შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი: NATO-ს მიერ საქართველოს წევრობის უარყოფა შიდა პოლიტიკით ვერ გამართლდება

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ტვიტერ გვერდზე ღია წერილს ავრცელებს, სადაც NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკაზე საუბრობს. 

როგორც პაპუაშვილის წერს, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს დაპირება მისცეს ალიანსში წევრობასთან დაკავშირებით, გაერთიანების მხრიდან საქართველოს წევრობისადმი მიდგომაში თვისებრივად ცოტა რამ შეიცვალა. 

ამასთან პარლამენტის თავმჯდომარე ღია წერილში აღნიშნავს, რომ საქართველო 2008 წელს ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ომი და არც რუსული ოკუპაცია, რომელმაც "ფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი". 

პაპუაშვილისვე მოსაზრებით, არ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატოში. 

"2002 წლის ნოემბერში, ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანისა და ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმენის შემდეგ, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ასეთი რამ თქვა: "გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება ორპირში გავცივდეთო".

იყო რაღაც წინასწარმეტყველური 20 წელზე მეტი ხნის წინ შევარდნაძის ნახევრად ხუმრობით წარმოთქმულ გაფრთხილებაში ნატო-ს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, მას შემდეგ, ნატო-ს მხრიდან საქართველოს წევრობისადმი მიდგომაში, თვისებრივად, ცოტა რამ თუ შეიცვალა. ბოლო ათწლეულში საქართველომ ძირეულად გარდაქმნა დემოკრატიული ინსტიტუტები, უკან მოიტოვა მმართველობის ავტორიტარული სისტემა, ხოლო თავდაცვის შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად გააუმჯობესა. ნატო კი სამიტიდან სამიტამდე წევრობის შესახებ დაპირებას მხოლოდ იმეორებდა. 

მართალია, საქართველო-ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა ნატო-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატო-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა"-წერს პაპუაშვილი. 

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ "ეჭვების ოთხი კლასტერი" არსებობდა, რომლებსაც სკეპტიკოსები გამოთქვამდნენ და რომლებიც წევრობისადმი საქართველოს პროგრესს აფერხებდნენ. მისივე თქმით, პირველი ნდობასა და ერთგულებას უკავშირებოდა, მაგრამ გამოცდა საქართველომ ბრწყინვალედ ჩააბარა. 

"უფრო მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა გაწირა თავისი სიცოცხლე ავღანეთის მისიაში, ვიდრე იქ გაგზავნილი ჰყავდა ნატო-ს წევრების ქვეყნების დიდ უმრავლესობას. ხოლო თუკი პოლიტიკური კუთხით შევხედავთ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციაში შეიტანა, რომელიც მომავალში ადვილად ვეღარ შეიცვლება, ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებშიც კი. 

საქართველოს მისწრაფების საწინააღმდეგოდ მეორე კონტრარგუმენტი დემოკრატიის ნაკლებობას შეეხებოდა, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ბოლო ათწლეულში, წარმატებით გაართვა თავი. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგი ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს. კარგად გვესმის, რომ დემოკრატია არა დანიშნულების ადგილი, არამედ გზაა. მაგრამ, თუკი გზა უსასრულოდ გაიწელება, საქართველოს აქილევსის პარადოქსის მდგომარეობაში აღმოჩნდება, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მიღწევა შეუძლებელია - ვინაიდან მიზნამდე მიღწევისას აღმოჩნდება, რომ სამიზნე, მუდმივად, თუნდაც უმნიშვნელოდაც კი სხვა მხარეს გადაადგილდება. 

[...] მესამე, თავდაცვისუნარიანობის ნაკლოვანებებიც გამოსწორდა. ნატო-ს ყველა წევრი ულაპარაკოდ დაეთანხმებოდა ამ განცხადებას. საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და მათი 80%-ზე მეტი საერთაშორისო სამხედრო მისიებშია გამოცდილი

[...]ბოლო კონტრარგუმენტი იყო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რეგიონულ სტაბილურობას შეუწყობდა ხელს, თუ, პირიქით, უფრო გააღეზიანებდა რუსეთს და მის აგრესიას გამოიწვევდა, რითაც უფრო დააზარალებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსებს. ერთადერთი მშვიდი და სტაბილური სივრცე ისაა, რომელიც დაცულია ნატო-ს მეხუთე მუხლით. სხვა ყველა დანარჩენი ნაცრისფერ ზონაში ექცევა, სისხლისღვრითა და ომის რისკებით.

ყველა ამ წარსულის ეჭვისთვის პასუხის გაცემით, ეს იყო საქართველოს მთავრობის ძალისხმევით თუ ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში".- აღნიშნავს პაპუაშვილი გამოქვეყნებულ წერილში. 

 

კომენტარები