შავი ზღვა

გარემოს ეროვნული სააგენტო: მონიტორინგის შედეგებით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია

ტაბულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გასულ კვირას ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია.

"როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები. აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე". - წერია განცხადებაში. 

6 ივნისს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. საპირისპიროს ამტკიცებს მოსკოვი. წყალდიდობის შემდეგ გაჩნდა კითხვა, მოაღწევს თუ არა დაბინძურებული წყალი საქართველომდე და უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვის სანაპიროზე დასვენება. 

კომენტარები