ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ცხინვალელ მარიონეტებს საოკუპაციო ხაზთან დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შეეძლებათ

საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა, დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრისა და ბუნებრივი რესურსების "დაცვასთან" დაკავშრებით იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების წესები შეცვალა.

მარიონეტების მიერ მიღებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, შესაძლებელი გახდება ე.წ. საზღვრის "დაცვისთვის" დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება.

"ამჟამად უპილოტო საფრენ აპარატებს მზარდად იყენებენ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში. გამონაკლისი არაა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, რაზეც მოწმობს მოსაზღვრე სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული გამოყენება". – თქვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის დროებითმა უფროსმა, ვალერი ალიხანტიმ.

უცნობია თუ რა სახის "გახშირებულ გამოყენებაზე" საუბრობს მარიონეტი ალიხანტი. 

2022 წლის აგვისტოში ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს ე.წ. საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებდა. ვალერი ალიხანტი ირწმუნებოდა, რომ დრონი ევროკავშირის მისიასა და საქართველოს შსს-ს ერთობლივ მისიას ასრულებდა.

2019 წელს საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო დრონების მონაწილეობით ინციდენტი მოხდა. ოკუპანტების დრონი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოფრინდა, საპასუხოდ საკუთარი დრონი ააფრინა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ჯგუფმა. ქაცარავას ჯგუფის დრონი ოკუპანტების დრონს დაეჯახა და ჩამოაგდო.

კომენტარები