ევროკავშირი

ევროკავშირმა მოლდოვის ინტეგრაციის დამხმარე პაკეტი წარადგინა

ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის ფონზე მოლდოვისთვის დახმარების პაკეტი წარადგინა, რომლის მიზანიც მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოებაა.

აღნიშნული პაკეტი ხუთი პუნქტისგან შედგება და ითვალისწინებს მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ფასილიტაციას, რეფორმების მხარდაჭერას, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფასა, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას და სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებით დეზინფორმაციასთან და შიდა პოლიტიკაში უცხო ძალების ჩარევის აღმოფხვრას. 

პაკეტის წარდგენას გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ევროკავშირი აჩვენებს, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ის მხარს უჭერს მოლდოვის ძალისხმევას, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

"მოლდოვა მყარად სოლიდარულია ევროპული ღირებულებების დაცვაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს სერიოზული შედეგები მოაქვს ქვეყნისთვის, მოლდოვა ყველაფერს აკეთებს, რომ განავითაროს საკუთარი ევროპული მომავალი. დღევანდელი პაკეტით, ევროკავშირი აჩვენებს, რომ ჩვენ ვდგავართ მოლდოვის გვერდით და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ დავაჩქაროთ თქვენი ევროპული ინტეგრაცია და რეფორმები. მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია". – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები