დონალდ ტრამპი

CNN-მა მოიპოვა 2021 წლის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ტრამპი სამხედრო დოკუმენტებზე საუბრობს

გუშინ, 26 ივნისს CNN-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2021 წელს ბედმინისტერში (ნიუ ჯერსი) შეხვედრისას საიდუმლო დოკუმენტების შესახებ საუბრობდა.

ორწუთიანი აუდიოჩანაწერი, შესაძლოა, იქცეს მტკიცებულებად იმისა, რომ ტრამპმა საიდუმლო დოკუმენტები თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მიითვისა. 

ჩანაწერში, რომელშიც ფურცლების შრიალის ხმა იმის, ტრამპი ამბობს, რომ დოკუმენტები, რომლებსაც განიხილავენ, საიდუმლოა.

"მან თქვა, რომ მე მსურდა ირანზე თავდასხმა, გასაოცარი არაა? [...] მაქვს ქაღალდების დასტა - ახლახან მოვიპოვე. შეხედე. ეს ის იყო. ისინი მე წარმომადგენდნენ. [...] ბევრი რამეა აქ. მოდი შეხედე. ეს შესანიშნავია, არა? ეს საქმეს მომაგებინებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს არის ძალიან კონფიდენციალური, საიდუმლო, ეს საიდუმლო ინფორმაციაა". - ჩანაწერში ისმის ტრამპის ხმა. 

ამის პარალელურად ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე იმავე დღეს გვიან ღამით დაწერა, რომ პროკურორმა ჯეკ სმიტმა, რომელიც  იუსტიციის დეპარტამენტთან და FBI-სთან ერთად მუშაობს, არალეგალურად გაავრცელა ჩანაწერი და ამით დაამტკიცა, ტრამპის განმარტებით, მისი უდანაშაულობა დაამტკიცა. 

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების მითვისებისა და უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. ვრცელდება ფედერალური პროკურატურის 49-გვერდიანი ოქმი, რომელშიც ტრამპის ბრალდებების სრული ჩამონათვალია მოცემული. 

ოქმის თანახმად, ტრამპს 37-მდე დარღვევაში ედება ბრალი. მათგან 31 ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ უკანონოდ შენახვას ეხება. საიდუმლო დოკუმენტების განზრახ მითვისების გარდა, გამოკვეთილია მართლმსაჯულების შეფერხების მიზნით, დოკუმენტების გადამალვის, ფედერალური გამოძიებისთვის დოკუმენტის განზრახ არ გამჟღავნების ბრალდებებიც.

აქამდე, 9 მაისს, ნიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი ამერიკელი ჟურნალისტის, მწერლისა და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველის, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სასამართლომ არ დაადგინა, რომ ტრამპმა ჟურნალისტი გააუპატიურა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს.

ამ სამოქალაქო საქმის გამო ტრამპს დაკავება არ ემუქრება, კეროლი მიყენებული ზიანისთვის მხოლოდ [დაუზუსტებელი რაოდენობის] ფინანსურ ანაზღაურებას ითხოვდა. 

ცხრა წევრისგან შემდგარმა მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

კომენტარები