თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩერგოლეიშვილი: 16:00-ზე ვაჩვენებთ, რამდენად კომიკური იყო ის, რაც რუსეთში მოხდა

დღეს დიდი დღეა. გაირკვა, რომ ტერორისტი სახელმწიფო, რომელიც თავს სუპერსახელმწიფოდ გვაჩვენებდა, ყოფილა ფარჩაკი, სადაც გასამხედროებულ დაჯგუფებას შეუძლია, აიღოს და მილიონიანი ქალაქები დაიკავოს ისე, რომ წინააღმდეგობა ვერავინ გაწიოს. ეს დღე აუცილებლად იმსახურებს აღნიშვნას, აღნიშვნას პოპკორნით და ჩვენ ზუსტად ამას ვაპირებთ - 4 საათზე ვიკრიბებით პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან 8 საათზე Open Air-ია და არ გვინდა, ხალხს გართობაში ხელი შევუშალოთ და ჩვენ ვაჩვენებთ, რა მოხდა რუსეთში, რამდენად კომიკური იყო ის, რაც მოხდა რუსეთში და ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გვექნება, რომ პუტინის განადგურება საქმეს არ შველის იმიტომ, რომ პუტინი არ იყო, მაგრამ შოიგუ იყო აფხაზეთში და შოიგუ აკეთებდა იმას, რისთვისაც ის შემდეგ მინისტრად დანიშნეს და დონბასში აკეთებდა იმავეს ზუსტად. ამიტომ რუსეთი უნდა განადგურდეს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პუტინი იქნება, შოიგუ თუ პრიგოჟინი, ეს ქვეყანა უნდა განადგურდეს, პირწმინდად დამარცხდეს, დაიფერფლოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, ჩვენს ჩრდილოეთით ნორმალური სახელმწიფო გაჩნდეს. 

ჩვენ წარმოვადგენთ ქრონიკას, რაც მოხდა. მგონია, რომ კარგად არის თავმოყრილი და მოეწონება პუბლიკას და ასევე, ვაჩვენებთ, რა როლი ჰქონდა შოიგუს აფხაზეთში და იმ რუსულ შენაერთებს, რომელიც დღეს ზოგიერთი უკრაინაში მონაწილეობს და მაშინ აფხაზეთში მონაწილეობდა.

ჩვენ გვინდა, ქართველებს ვაჩვენოთ, რომ ეს ყველაფერი ერთი ომის ნაწილია და უკრაინელები ახლა ჩვენს საქმესაც აკეთებენ ისევე როგორც, ყოფილა დრო, ჩვენ გაგვიკეთებია უკრაინელების საქმე და ეს საქმე ორივე ქვეყანამ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და NATO-ს წევრები გავხდეთ. ყველა კრიზისი არის შესაძლებლობა, ეს კრიზისიც არის შესაძლებლობა, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი და რაც მთავარია, ამ აქციის მთავარი გზავნილი იქნება, რომ ამ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია წინსვლა, ეს არის პუტინისტი, ფარჩაკი რეჟიმის ვასალი რეჟიმი და ეს რეჟიმი თუ არ შეიცვალა, არანაირი აზრი არ აქვს აქტივობებს. ფოკუსი უნდა იყოს ამათ შეცვლაზე. 

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

25 ივნისს, 16:00 საათზე პირველი სკოლის ეზოში ევროპული საქართველოს, ტაბულას, თავისუფლების ინსტიტუტის, აფხაზთა კრებისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) ორგანიზებით იმართება აქცია - მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, ანუ ЧУЖОЙ ПРОТИВ ХИЩНИКА

კომენტარები